LIVE

აშშ-მა ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესა

09 აგვ 202123:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1322
აშშ-მა ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესა
Evgeny Maloletka/Bloomberg

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნებიდან ერთი წლის თავზე ქვეყანას დამატებითი სანქციები დაუწესა.  

სანქციები შეეხება კალიუმის სასუქის სახელმწიფო მწარმოებელ კომპანია Belaruskali OAO-ს, ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტს, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან დაკავშირებულ 15 კომპანიას. 

აშშ-მა ბელარუსს სანქციები რამდენიმე თვის წინ Ryanair Holdings-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვებისა და დისიდენტი ჟურნალისტის დაპატიმრების გამო დაუწესა.

“ათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაკავებით დაწყებული და 500-ზე მეტი აქტივისტის, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერის და ჟურნალისტის დაპატიმრებითა და გლობალური წესების საწინააღმდეგოდ საერთაშორისო რეისის იძულებით მიმართულების შეცვლით, ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებები არის არალეგიტიმური მცდელობა, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება ნებისმიერ ფასად, ” - ნათქვამია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ბელარუსს ახალი ეკონომიკური სანქციები დღეს დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. 

ახალი შეზღუდვებით, ბელარუსის ავიაკომპანიებს საკუთარ საჰაერო სივრცეში ფრენა აუკრძალა. ბრიტანეთის წარმომადგენლებს კი ბელარუსული ფასიანი ქაღალდების ყიდვა და ქვეყნის მოქალაქეებისთვის სესხის გაცემა აეკრძალათ.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციების ძალადობრივად ჩახშობის გამო ლუკაშენკოს რეჟიმი დასავლეთის ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს, არჩევნების შედეგები კი გაყალბებულად ცნეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ სინკი