LIVE

სახდეპი აშშ-ის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას არ ურჩევს

02 აგვ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1072
სახდეპი აშშ-ის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას არ ურჩევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას არ ურჩევს.  

"დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC), COVID-19–ის გამო, საქართველოსთვის მე-4 დონის სამოგზაურო ცნობა გამოსცა, რაც ქვეყანაში COVID-19–ის გავრცელების ძალიან მაღალ დონეზე მიუთითებს",- ვკითხულობთ ვებგვერდზე. 

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს არ იმოგზაურონ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ რეგიონებში: სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კრიმინალის, სამოქალაქო არეულობასა და ნაღმების არსებობასთან დაკავშირებული რისკების გამო. დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ამ რეგიონებში მათთვის დახმარების გაწევას ვერ შეძლებს, რადგან აშშ-ის მთავრობას ამ რეგიონებზე წვდომა არ აქვს. 

მთავარ ველზე მითითებული ინფორმაცია ოთხ კატეგორიად არის დაყოფილი:

  • კრიმინალი - ქვეყნის მასშტაბით გარკვეულ არეალებში არსებობს ფართოდ გავრცელებული ან ორგანიზებული კრიმინალი, რომლის წინააღმდეგ სამართალდამცავებს შეიძლება რეაგირების შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდეთ;
  • სამოქალაქო არეულობა - პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, რელიგიურმა და/ან ეთნიკურმა არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა, სერიოზული შეფერხებები და/ან უსაფრთხოების რისკები;
  • ჯანდაცვა - ჯანმრთელობის რისკები არსებობს, მათ შორის, მიმდინარე გავრცელებული დაავადებები ან კრიზისი, რომელიც აფერხებს ქვეყნის სამედიცინო ინფრასტრუქტურას;
  • სხვა - არსებობს სხვა პოტენციური რისკებიც, რომლებიც არ შედის ჩამოთვლილ მაჩვენებლებში. 

ვებგვერდზე ინფორმაცია 16 ივნისსაა განახლებული, თუმცა იქვე ატვირთულია აშშ-ის საელჩოს მიერ ივლისში გავრცელებული რამდენიმე გაფრთხილება. მათ შორისაა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის შესახებ ცნობები და 5-6 ივლისის დემონსტრაციების შესახებ განცხადებები.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ, სამოგზაურო შეზღუდვებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე დღეს კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.​ როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყნად რჩება და ცალკეული სამწუხარო შემთხვევები ევროპის დედაქალაქებშიც ხდება.

მისი განმარტებით, ინფორმაცია პირველ რიგში  კოვიდ-შეზღუდვებს უკავშირდება, რაც ეხება ზოგადად მთლიანად მსოფლიოში არსებულ დინამიურ ვითარებას პანდემიასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ნათია თურნავას განმარტებით, სახ. დეპარტამენტის გაფრთხილება ტრადიციულად ასევე უკავშირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

„რაც შეეხება ცალკეულ კრიმინალურ შემთხვევას - პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველო როგორც იყო სტუმართმოყვარე და მშვიდობიანი ქვეყანა, ისევ ასე რჩება, ასეც განგვიხილავენ ტურისტები. ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები კი არ გამოირიცხება არათუ საქართველოში, არამედ დროდადრო ევროპის ყველა დედაქალაქში ხდება. მთავარია, რომ ამაზე დროულად ხდება რეაგირება. რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი შემთხვევა ჩვენი მხრიდან დაგმობილია, რადგან არაფერმა უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენს სტუმართმოყვარე იმიჯს, და ასეც იქნება“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.