LIVE

ომი შეიცვალა - CDC ქვეყნებს დელტას ვარიანტზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს

31 ივლ 202111:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 649
ომი შეიცვალა - CDC ქვეყნებს დელტას ვარიანტზე მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს
Reuters

“ომი COVID-19-ის წინააღმდეგ შეიცვალა” დელტას უაღრესად გადამდები ვარიანტის გამო, ამბობს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC) და  ჯანდაცვის მუშაკებისთის სავალდებულო ვაქცინებსა და ნიღბების დაბრუნებას ითხოვს. 

CDC-ს შიდა დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვარიანტი, რომელიც პირველად გამოვლინდა ინდოეთში და ახლა დომინანტურია მთელს მსოფლიოში, ისეთივე გადამდებია, როგორც ჩუტყვავილა და ბევრად უფრო გადამდებია, ვიდრე ჩვეულებრივი გაციება ან გრიპი. ის შეიძლება გადაეცეს ვაქცინირებულ ადამიანებსაც და შეიძლება გამოიწვიოს უფრო სერიოზული დაავადება, ვიდრე ადრეული კორონავირუსის შტამებია. CDC-მ დაადასტურა დოკუმენტის ნამდვილობა, რომელიც პირველად Washington Post-ში გამოქვეყნდა.

შიდა მოხმარების დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს ვარიანტი მოითხოვს ახალ მიდგომას, რათა დაეხმაროს საზოგადოებას გააცნობიეროს საფრთხე, მათ შორის განმარტავს, რომ არავაქცინირებული ადამიანები 10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან ან იღუპებიან, ვიდრე ვაქცინირებულები.

“აღიარეთ, რომ ომი შეიცვალა. გააუმჯობესეთ აცრილთა ინფორმირება ინდივიდუალური რისკის შესახებ”, - ნათქვამია CDC-ს შიდა დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, განსხვავებით სხვა შტამებისგან, ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა დელტა ვარიანტის ისეთივე გადამცემები გახდნენ, როგორც არავაქცინირებული პირები.

“მაღალი ვირუსული დატვირთვა გულისხმობს გადაცემის გაზრდის რისკს და ბადებს შეშფოთებას, რომ სხვა ვარიანტებისგან განსხვავებით, დელტათი ინფიცირებულ ადამიანებს შეუძლიათ ვირუსის გადაცემა”, - ნათქვამია CDC-ის ხელმძღვანელის, როშელ ვალენსკის განცხადებაში. პარასკევს CDC-მ გამოაქვეყნა მონაცემები მასაჩუსეტსის კვლევის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ინფიცირებულთა სამი მეოთხედი სრულად იყო აცრილი.

მსოფლიოს იმ ნაწილებში, სადაც ადამიანების დიდი რაოდენობა ჯერ არ არის აცრილი, დელტას ვარიანტმა კიდევ ერთხელ გამოიწვია სიკვდილიანობის ზრდა და ჰოსპიტალიზაცია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეისუსმა თქვა, რომ ბევრ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემები უკვე გადატვირთულია: “რთულად მიღწეული მიღწევები საფრთხეშია ან იკარგება”. 

გლობალური ჯანმრთელობის ორგანოს საგანგებო სიტუაციების ექსპერტმა, მაიკ რაიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაქცინები მაინც ეფექტურია სერიოზული დაავადებებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად.

მდიდარ ქვეყნებშიც კი, რომლებმაც ვაქცინაციის კამპანია ადრეულ ეტაპზე დაიწყეს, შემთხვევების რიცხვი გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინებმა ჯერჯერობით შეამცირეს სიკვდილიანობა, მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუცველი რჩება, განსაკუთრებით ისინი, ვინც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე. განსაკუთრებული პრობლემაა შეერთებული შტატების იმ ნაწილებში, სადაც ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს. 

დიდ ბრიტანეთში, სადაც დელტას ვარიანტმა ინფექციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ვაქცინაციის კამპანიის მიუხედავად, ჯანდაცვის კომისიამ განაცხადა, რომ ვაქცინის დაცვა დროთა განმავლობაში დასუსტდება და ვაქცინაციის კამპანია სავარაუდოდ წლების განმავლობაში გაგრძელდება.