LIVE

რუსული Sputnik V-ის გლობალური მიწოდება შეფერხებულია

31 ივლ 202118:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 809
რუსული Sputnik V-ის გლობალური მიწოდება შეფერხებულია
Andrey Rudakov/Bloomberg

კრემლის ამბიცია, უზრუნველყოს მსოფლიოში რბილი ძალის დივიდენდი რუსეთის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, შეფერხდა Sputnik V-ის მიწოდების დეფიციტით იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მომარაგებას ითხოვენ.

გვატემალას პრეზიდენტმა ალეხანდრო ჯამმატეიმ მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეეცდება ჩაანაცვლოს რუსული ვაქცინის 8 მილიონი დოზა სხვა მწარმოებლების მარაგებით წლის ბოლომდე, პირველადი შეკვეთის შეფერხების შემდეგ.

ქვეყნები, რომლებმაც გამოიყენეს Sputnik V-ის ვაქცინები, სულ უფრო მეტს საუბრობენ ორკომპონენტიანი ვაქცინის მეორე დოზის მიწოდების პრობლემებზე. არგენტინაში პრეზიდენტის მრჩეველმა თქვა, რომ ვაქცინის დეფიციტი საფრთხეს უქმნის მთავრობას, რადგან ადამიანები ვერ მიიღებენ მეორე დოზას პირველიდან რეკომენდებული სამთვიანი პერიოდის განმავლობაში.

“დეველოპერებმა შეიმუშავეს თავიანთი ექსპორტის გეგმები ადგილობრივი წარმოების გათვალისწინებით, რაც მნიშვნელოვნად გადააფასებს ადგილობრივ შესაძლებლობებს. რუსეთმა დაკარგა უპირატესობა, რადგან სხვა ქვეყნებიდან მარაგები უფრო ხელმისაწვდომი გახდა”,- თქვა სამუელ რამანიმ, ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა. 

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდის სპიკერმა, რომელიც Sputnik V-ის საერთაშორისო განაწილებაზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ გვატემალასთან არსებული ხელშეკრულება მიწოდების ახალი გრაფიკის შესაბამისად შეცვალეს.

“მსოფლიოში უპრეცედენტო მოთხოვნის გათვალისწინებით, ვაქცინის ყველა მწარმოებელს აქვს მოკლევადიანი მიწოდების პრობლემა”,- თქვა RDIF-ის წარმომადგენელმა.

ფონდმა განაცხადა, რომ ის კვლავ ვალდებულია გამოიმუშაოს საკმარისი ვაქცინა წელს 700 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის რუსეთის გარეთ. ლონდონში დაფუძნებული კვლევითი ფირმა Airfinity-ის შეფასებით, დღემდე 99 მილიონი დოზა იქნა მოწოდებული, რომელთა ნახევარზე მეტი განკუთვნილია შიდა გამოყენებისთვის.

მეორე დოზის მიწოდების შეფერხებამ შეანელა Sputnik V-ის ინდოეთში გაგზავნა, ამბობს ერედ ისრაელი, Reddy's Laboratories-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ამ ქვეყანაში ვაქცინის განაწილების ლიცენზია აქვს. ინდოელ მწარმოებლებს აქვთ შეთანხმება წელიწადში 850 მილიონამდე დოზის მიწოდებაზე, თუმცა გაურკვეველია, როდის მიაღწევს წარმოება ამ დონეს.

RDIF-ი ირწმუნება, რომ შეფერხების ფონზე დოზებს შორის ინტერვალი შეიძლება 180 დღემდე გაგრძელდეს.

როდესაც რუსეთი ცდილობს შეასრულოს ვალდებულებები, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მა მიაწოდა 1.5 მილიონი დოზა Moderna-ს ვაქცინა ტაჯიკეთს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, რომელსაც რუსეთი სტრატეგიულ ტერიტორიად მიიჩნევს. განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დედაქალაქ დუშანბეში მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიკ რუდნიცკი