LIVE

IDFI: საქართველო კვლავ მოუმზადებელია დისტანციური სწავლებისათვის

30 ივლ 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1008
IDFI: საქართველო კვლავ მოუმზადებელია დისტანციური სწავლებისათვის

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, 2020 წელს განათლების სექტორისთვის გამოყოფილი რესურსების წილი მშპ-ს 4.1%-ს იყო, მაშინ როცა ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 5%-ს შეადგენს.

IDFI-ის კვლევაში “განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19 პანდემიის პირობებში” ასევე წერია, რომ ჯამური დანახარჯი განათლებაზე საშუალო წლიურად 7.7%-ით იზრდებოდა ცხრა წლის განმავლობაში და გასულ წელს 2 მილიარდ ლარს მიაღწია. თუმცა, დანახარჯების წილი მშპ-ში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

კვლევაში ასევე მოხვდა მასწავლებელთა ანაზღაურების საკითხიც, მასწავლებლის საშუალო ხელფასი 40%-ით ჩამოუვარდება ქვეყნაში არსებულ საშუალო ხელფასს, რის გამოც მათი შეფასებით, მასწავლებლის პროფესია ნაკლებად მიმზიდველია. ამას გარდა, მასწავლებლების რაოდენობა მცირდება, ხოლო საშუალო ასაკი იზრდება. მასწავლებლების რაოდენობამ 64 000 შეადგინა 2020/2021 სასწავლო წელს, რაც 7%-ით ნაკლებია 2013/2014 სასწავლო წელთან შედარებით.

კვლევაში ასევე წერია რომ 8 247-მა მოსწავლემ მიატოვა სკოლა 2019/2020 სასწავლო წელს. მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითი და საბაზო განათლება საქართველოში აუცილებელია, იმ მოსწავლეების თითქმის ნახევარი ვინც სწავლა მიატოვა, მეათე კლასის ქვემოთ იყო.

რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, კვლევის მიხედვით, პროფესიული პროგრამები სრულად ვერ პასუხობენ შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. ევროკავშირში მოსწავლეების თითქმის ნახევარი პროფესიულ სასწავლებლებს ირჩევს მე-9 კლასის შემდგომ, საქართველოში ეს მაჩვენებელი კი 1%-ია.

პანდემიამ კერძო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობაც შეამცირა. როგორც კვლევაშია აღნიშნული  ეკონომიკურ ზრდასთან ერთად კერძო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ COVID-19-მა და მშპ-ს 6.2%-იანმა ვარდნამ, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 5%-ით შეამცირა. შედეგად, დღეისათვის მოსწავლეების თითქმის 90% საჯაროს სკოლაში სწავლობს.

“მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო წლებში გაიზარდა და 600 000-ს გადააჭარბა 2020/2021 სასწავლო წელს. ამჟამად, 2 309 ზოგად საგანმანათლებლო სკოლაა საქართველოში და ეს რიცხვი ბოლო 8 წელია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. საჯარო სკოლები მთელი სკოლების რაოდენობის 90%-ს შეადგენენ. ეს წილი მცირდებოდა ეკონომიკურ ზრდასთან ერთად და კერძო სკოლები უფრო მიმზიდველი ხდებოდა 2020/2021 სასწავლო წლამდე. კერძო სკოლების მიმზიდველობის ზრდა შეიძლება აიხსნას მაღალი ხარისხის განათლებით, უფრო უკეთესი ტექნიკური მხარდაჭერით და უსაფრთხოების უფრო მაღალი დონით",- წერია კვლევაში.

IDFI-ის შეფასებით, ქვეყანა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას მოუმზადებელი შეხვდა და COVID-19 პანდემიის პირობებში ქვეყანა კვლავ მოუმზადებელია დისტანციური სწავლებისათვის. გასულ წელს შინამეურნეობების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი და 16%-ს კი ინტერნეტთან წვდომა. დისტანციური სასწავლო პროგრამა TEAMS-ით კი მასწავლებლებისა და მოსწავლეების 11%-ს საერთოდ არ უსარგებლიათ.

“დისტანციური სწავლების პროცესი უფრო რთულად მიმდინარეობს სოფლებში და რეგიონებში, მსხვილ ქალაქებთან შედარებით. სოფლებში შინამეურნეობების წილი, ვისაც არ ჰქონდათ კომპიუტერი და ინტერნეტი 68%-ს და 26%-ს შეადგენდა, შესაბამისად. თუმცა, იმავე პერიოდში, შინამეურნეობების წილი ქალაქებში ანალოგიური გამოწვევებით 24% და 9% იყო, შესაბამისად. 473 სოფელი და საერთო ჯამში 2 000-მდე დასახლება ჯერ კიდევ ელოდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს გამოცხადებული “საყოველთაო ინტერნეტიზაციის” ფარგლებში უნდა მიეღოთ",-ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება განათლების სექტორის ზოგად გამოწვევებს, ორგანიზაციის განცხადებით ესენია: საჯარო სკოლებში მასწავლებლების საშუალო ასაკის ზრდა და დაბალ ხელფასები, რაც მასწავლებლობის როგორც პროფესიის მიმზიდველობას ამცირებს. გარდა ამისა, სექტორის მთავარი გამოწვევაა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და არ აქვს წვდომა შესაბამის ლიტერატურასთან და სასწავლო მასალებთან.