LIVE

მეორე კვარტალში აშშ-ს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა

30 ივლ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 837
მეორე კვარტალში აშშ-ს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზარდა
Bloomberg

ხარჯვის ძლიერი ზრდის მიუხედავად, მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვის გავლენის ფონზე, მეორე კვარტალში აშშ-ს ეკონომიკური ზრდა 8.4%-იან პროგნოზს ჩამორჩა.

კომერციის დეპარტამენტის წინასწარი შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტი მეორე კვარტალში 6.5%-ით გაიზარდა. ამ მაჩვენებელზე ფედერალური მთავრობის ხარჯები, მუდმივ საცხოვრებელთან დაკავშირებული ინვესტიციები და ინვენტარიცაა ასახული.

მოხმარება წლიურად 11.8%-ით გაიზარდა. ადგილობრივი წარმოების საქონლისა და მომსახურების ღირებულება კი $19.36 ტრილიონამდეა გაზრდილი, რაც პრე-პანდემიურ პიკს აჭარბებს.

ვაქცინაციებით, ფედერალური ფინანსური შეღავათებითა და ეკონომიკის უფრო ფართო გახსნით გამხნევებულ ამერიკელებს გაუჩნდათ როგორც საშუალება, ასევე შესაძლებლობა გაეზარდათ ხარჯები ისეთ მომსახურებებზე, როგორიცაა ვახშამი გარეთ. დამატებითი ნაღდი ფულისა და დაქირავების გაზრდილი ტემპი ასევე დაეხმარა საქონელზე ხარჯვის ზრდას.

სამომავლოდ, აშშ-ს ეკონომიკური ზრდა გამოწვევის წინაშე დადგება მთავრობის მხარდაჭერის შემცირებით, მიწოდებისა და შრომის შეზღუდული პირობებით. ამასთან, ხარჯვის პერსპექტივისთვის სწრაფად გავრცელებადი Covid-19-ის დელტა ვარიანტიც წარმოადგენს რისკს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიდ პიკერტი