LIVE

ინვესტორები ჩინური კომპანიების აქციებს უბრუნდებიან

06 იან 202100:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 346
ინვესტორები ჩინური კომპანიების აქციებს უბრუნდებიან

ჩინეთის ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა. ჩინეთის საფონდო ბირჟის ინდექსმა, CSI 300-მა 1,9%-ით მოიმატა და 5353,75 პუნქტს გადააჭარბა და შედეგად, 2015 წლის 8 ივნისის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც ბოლო 12 წლის მაქსიმუმია.

ინდექსის ზრდა გასული წლის მარტიდან შეინიშნება, რაც ოფიციალური პეკინის მიერ აქციების ნასესხები ფულით შესყიდვის გამარტივებას მოჰყვა. ამ ნაბიჯმა ჩინეთის ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარი 11 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა. ამას დაერთო ისეთი დადებითი სტიმულები, როგორიცაა მყარი ვალუტა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ნიშნები.

“ინვესტორები ცდილობენ ფული უმსხვილეს და კარგი მაჩვენებლების მქონე კომპანიებში დააბანდოდნ, ასე რომ CSI 300 კარგი ვარიანტია, რადგან სწორედ ასეთ კომპანიებს მოიცავს," ამბობს ში ჯუნბო, Hangzhou Xiyan Asset Management-ის დამფუძნებელი.

ხუთი წლის წინ ჩინურ აქციებზე მოთხოვნამ პიკს ერთხელ უკვე მიაღწია, თუმცა შემდეგ სამ თვეში დაწყებულმა ვარდნამ ბაზარს 5 ტრილიონ დოლარზე მეტი მოაკლო, რადგან ინვესტორებმა მარგინალური აქტივების მოშორება დაიწყეს. ქვეყნის მთავრობამ ამ პროცესის შესანელებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა გასული წლის ზაფხულში, რამაც შედეგი გამოიღო და ინვესტორები ისევ მიუბრუნდნენ ჩინურ ფასიან ქაღალდებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამჯერად ზრდა ბევრად მდგრადი იქნება, რაზეც მეტყველებს CSI 300-ის საპროგნოზო ნიშნულის ზრდა, მათ შორის Citigroup-ის და Morgan Stanley-ს მიერ.

ამჟამად ინვესტორების განსაკუთრებულ ყურადღებას ის ფაქტი იქცევს, რომ ჩინური აქციების ახლა იმაზე იაფია, ვიდრე 2015 წლის ბაბლის დროს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია