LIVE

"როსკომნადზორმა" Twitter-ს ლუბოვ სობოლის ანგარიშის დაბლოკვა მოსთხოვა

29 ივლ 202112:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 746
"როსკომნადზორმა" Twitter-ს ლუბოვ სობოლის ანგარიშის დაბლოკვა მოსთხოვა

რუსეთის მარეგულირებელმა უწყებამ "როსკომნადზორმა" კრემლის კრიტიკოსის, ლუბოვ სობოლის ანგარიშის დაბლოკვის მოთხოვნით Twitter-ს შეტყობინება გაუგზავნა, რასაც საფუძვლად რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ბიუროსა და შტაბის “საქმიანობის პროპაგანდა” უდევს. 

“თუ ჯერ არ მოგბეზრდათ რუსეთში” სიტყვის თავისუფლების შესახებ ახალი ამბები, “აქ არის კიდევ ერთი თქვენთვის. "როსკომნადზორი" მოითხოვს ჩემი Twitter-ის დაბლოკვას. რა არის ეს, თუ არა კრემლის ისტერიკა არჩევნებამდე?”,- დაწერა სობოლმა. ოპოზიციონერის თანახმად, სოციალურმა ქსელმა მიიღო შეტყობინება "როსკომნადზორისგან", რომ მისი ანგარიში რუსეთში აკრძალულ შინაარსს შეიცავს. 

მანამდე "როსკომნადზორმა" გაგზავნა შეტყობინება YouTube-ზე, ნავალნის თანამოაზრეების ლეონიდ ვოლკოვის, ვლადიმერ მილოვისა და გეორგი ალბუროვის არხებზე წვდომის შეზღუდვის მოთხოვნით. ვოლკოვისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ რუსულმა მარეგულირებელმა მის YouTube არხზე აღმოაჩინა “არეულობისკენ და ექსტრემისტული საქმნიანობისკენ მოწოდებები”.  

26 ივლისს "როსკომნადზორმა" დაბლოკა ალექსეი ნავალნის პარტნიორების 40-ზე მეტი ვებ-გვერდი, კერძოდ, თავად პოლიტიკოსის, აგრეთვე ვოლკოვის, სობოლის, ნავალნის შტაბ-ბინის მოსკოვში, პეტერბურგში, ჩელიაბინსკში, ყაზანში, ეკატერინბურგში და სხვა ქალაქებში. ასევე დაიბლოკა სამედიცინო მუშაკთა პროფკავშირის ვებ-გვერდი - “ექიმთა ალიანსი”.

"როსკომნადზორმა" საიტების დაბლოკვის მიზეზად მათი “პროპაგანდისა და ექსტრემისტული საქმიანობის გასაგრძელებლად” გამოყენება დაასახელა. ალექსეი ნავალნიმ მომხრეებს მოუწოდა, “არ დაუშვან ოფიციალური პირების მიერ ინტერნეტის კონტროლი”.

ივნისში მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მოსკოვის პროკურატურის მოთხოვნით, FBK, ნავალნის რეგიონალური შტაბი და მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდი ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოცხადა და მათი საქმიანობა აკრძალა.