LIVE

ბაიდენი ფედერალური მუშაკებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას განიხილავს

28 ივლ 202111:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 796
ბაიდენი ფედერალური მუშაკებისთვის სავალდებულო ვაქცინაციას განიხილავს
Alex Edelman/Bloomberg

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დელტა ვარიანტის გავრცელების გამო ფედერალური მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციის დაწყებას განიხილავს.

Covid-19-ის ვაქცინის მიწოდება ფედერალური თანამშრომლებისთვის “განხილვის პროცესშია”,- უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში სტუმრობის შემდეგ.

თეთრი სახლი განიხილავს, მოსთხოვოს თუ არა ფედერალურ მუშაკებს ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა, ან რეგულარულად გაიარონ ტესტირება და დაიცვან მკაცრი პროტოკოლები, მაგალითად, ნიღბების ტარება, თუნდაც ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი პრევალენტობა არ არის.

პრეზიდენტის კომენტარები ასახავს შეერთებული შტატების ჯანდაცვის ოფიციალური წარმომადგენლების მწვავე შეშფოთებას დელტა ვარიანტის გავრცელების გამო. ჯო ბაიდენის განცხადებებთან ერთად, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გაამკაცრა წესები ნიღბების გამოყენების შესახებ და სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს ურჩია, გაიკეთონ ნიღბები დახურულ სივრცეებში.

“რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ ამ ვირუსის და დელტა ვარიანტის შესახებ და მით უფრო მეტი შეშფოთება გვიჩნდება”,- განაცხადა ჯო ბაიდენმა.

თეთრმა სახლმა სამშაბათს განუცხადა თანამშრომლებს, რომ კვლავ უნდა ატარონ ნიღბები სამსახურში.

შეერთებულ შტატებში გასული კვირის განმავლობაში Covid-19-ით დაღუპულთა რიცხვი 48%-ით, 239-მდე გაიზარდა, იზრდება ჰოსპიტალიზაციის რიცხვიც. CDC ამბობს, რომ დელტა ვარიანტი შემთხვევების 83% შეადგენს.

CDC-ის დირექტორმა, როშელ ვალენციმ განაცხადა, რომ უკანასკნელი მტკიცებულებების თანახმად, დელტა ვარიანტით ინფიცირებული ვაქცინირებული პირები ვირუსის გადამცემები ხდებიან. ამასთან, ბაიდენმა, ვალენციმ და ჯანმრთელობის სხვა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ვაქცინაცია საუკეთესო დაცვას უზრუნველყოფს სიკვდილის, ჰოსპიტალიზაციისა და სხვა გართულებებისგან.

“ჩვენ მხოლოდ ერთი რამ ვიცით დანამდვილებით: თუ დარჩენილი 100 მილიონი ადამიანი ვაქცინას მიიღებს, ჩვენ სულ სხვა სამყაროში ვიქნებით”,- თქვა ბაიდენმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯენიფერ ეპშტეინი და ჯორდან ფაბიანი