LIVE

ისრაელურმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით რეისები გააუქმეს - TAV Georgia

27 ივლ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1349
ისრაელურმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით რეისები გააუქმეს - TAV Georgia

ავიაკომპანიებმა Isr Air და Arkia აგვისტოში თელ-ავივიდან დაგეგმილი 27 რეგულარული რეისიდან 21 გააუქმეს. ამის შესახებ "ბიზნეს ფორმულას" Tav Georgia-ში განუცხადეს.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ ჯერჯერობით უცნობია ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია EL Al, რომელსაც აგვისტოში 17 რეგულარული რეისის შესრულება ჰქონდა დაგეგმილი.

"თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიები: Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი (ჯამში კვირაში 16 სიხშირე). ამ ეტაპზე მათ ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

რაც შეეხება თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებას, ავიაკომპანია Arkia-მ აგვისტოში ფრენები საერთოდ გააუქმა. სიხშირეები შეამცირეს ავიაკომპანიებმა – El Al და Isr Air-ი. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში დაგეგმილი 66 რეგულარული ფრენიდან 49 ფრენა უკვე გაუქმდა. გაუქმებული რეისების შედეგად აგვისტოში ფრენების რაოდენობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 74%-ით შემცირდება",- აცხადებენ კომპანიაში.

30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი" ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი  ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).