LIVE

PMCG: 9 წელში ღვინის ექსპორტი საშუალოდ 19.5%-ით გაიზარდა

20 ივლ 202113:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 908
PMCG: 9 წელში ღვინის ექსპორტი საშუალოდ 19.5%-ით გაიზარდა

PMCG-ის კვლევითი ცენტრი ღვინის ინდუსტრიის შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს, რომლის თანახმად, ბოლო 10 წელში ქართული ღვინის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გაიზარდა ისეთი ძირითადი მაჩვენებლების კუთხით როგორებიცაა ექსპორტი, ბრუნვა, დასაქმება და ხელფასები. 

2011-2019 წლებში ღვინის ექსპორტის საშუალო ზრდის ტემპი 19.5% იყო. 

PMCG-ის თანახმადვე, ღვინის ექსპორტის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი 2017 წელი იყო, როცა ექსპორტი 54.4%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. 2011-2020 წლებში ერთი ბოთლი ქართული ღვინის საშუალო ფასი $2.46 იყო. 2012-2014 წლებში ღვინის ფასი მნიშვნელოვნად, 2.14 დოლარიდან 2.95 დოლარამდე გაიზარდა, თუმცა 2016 წელს 2.26 დოლარამდე შემცირდა. 2016-2020 წლებში ბოთლი ღვინის ფასი დასტაბილურდა 2.2 დოლარიდან 2.4 დოლარამდე. 

PMCG-ი კვლევაში წერს, რომ ქართული ღვინის ინდუსტრია ძალიან არის დამოკიდებული რუსეთში ექსპორტზე, რადგან 2016-2020 წლებში მთლიანი ღვინის ექსპორტის თითქმის 60% რუსეთზე მოდიოდა. ეს დამოკიდებულება სექტორს მოწყვლადს ხდის პოლიტიკური შოკების მიმართ, როგორიც არის ემბარგო, რომელიც რუსეთმა ქართულ ღვინოს 2006-2013 წლებში დაუწესა.

ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი წლების მიხედვით ასეთია:

  • 2016 წელი - 53%
  • 2017 წელი - 59%
  • 2018 წელი - 59%
  • 2019 წელი - 59%
  • 2020 წელი - 57%

2016-2020 წლებში რუსეთის გარდა ქართული ღვინის ძირითადი ბაზრები იყო: უკრაინა, ევროკავშირის ქვეყნები და ჩინეთი.

2019 წელს ღვინის სექტორში დასაქმებულების საშუალო თვიური ანაზღაურება 1046 ლარი იყო და 2011-2019 წლებში ამ მიმართულებით საშუალოდ 11.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 6 თვეში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. იანვრიდან-ივნისის ჩათვლით საქართველოდან მსოფლიოს 56 ქვეყანაში 46,4 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული.