დაახლოებით ოთხი წლის წინ, ძმები ჯოსლი და ვესლი ბატისტები ბრაზილიის ციხეში ისხდნენ, მათი მილიარდიანი ხორცის იმპერია კი დაშლის პირას იყო. დღეს ისინი არა მხოლოდ თავისუფლები არიან, არამედ მათი კომპანია JBS სამჯერ მეტი ღირს, ვიდრე მაშინ ღირდა, 20 ქვეყანაში მუშაობს და აშშ-ს საქონლის ხორცის გადამუშავების ბაზრის მეოთხედს აკონტროლებს.
აღორძინება გარკვეულწილად პანდემიის დროს სურსათის ფასების ზრდას უკავშირდება, თუმცა ამავდროულად პოლიტიკური გარიგებების, დაუნდობელი ეფექტურობის, მცენარეულ ალტერნატივებზე ორიენტირებისა და აშშ-ს ჩამონათვალში განთავსების ამბიციის მანიფესტაციაა.
2017 წელს, $6 მილიარდის მფლობელი ძმები ბატისტები პოლიტიკოსთა ქსელის წინააღმდეგ წავიდნენ, რომელსაც წლების განმავლობაში ლეგალური და არალეგალური შემოწირულობებით ამუშავებდნენ. ამას მოჰყვა სკანდალი, რომელიც ისტორიაში Joesley Day-ს სახელით შევიდა და ბრაზილიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი დღე იყო ბაზრისთვის.
ბატისტების საგა ძალაუფლებაზეა მიბმული. 87 წლის პატრიარქმა ხოსე ბატისტა სობრინიომ კომპანია 1953 წელს დააარსა, თუმცა გლობალური ხორცის იმპერიად ის ჯოსლი და ვესლი ბატისტებმა აქციეს.
2017 წელს, როცა ბრაზილია კორუფციის აღმოფხვრას ცდილობდა, ძმები ბატისტები მუხლებამდე იყვნენ მასში ჩაფლული. მათ პროკურორებს აღუწერეს მექრთამეების ქსელი, რომელშიც 1800-ზე მეტი პოლიტიკოსი შედიოდა და რომლებიც სავარაუდოდ, მთავრობის საკუთრებაში მყოფი ბანკებისა და საპენსიო ფონდების გამოყენებას ამარტივებდნენ. ამის პარალელურად ბრაზილიის ხელისუფლება მრავალ კომპანიას "იაფ ფულს" აძლევდა, რათა ეს კომპანიები "ეროვნული ჩემპიონები" გამხდარიყვნენ. არეულობამ, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა, ქვეყნის პრეზიდენტი თითქმის ჩამოაგდო.
სკანდალის შემდეგ ძმები ჩამოსცილდნენ კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობას, ხოლო ოჯახის ჰოლდინგური კომპანია J&F და ბრაზილიის ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ კომპანია სახელმწიფოს 25 წლის განმავლობაში $2 მილიარდს გადაუხდიდა. გასულ წელს ანალოგიური გარიგება დაიდო აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტთან $256 მილიონის ფარგლებში.
საბოლოოდ, როდესაც ყველაფერი დასრულდა, ბატისტების ოჯახმა ხორცის ბიზნესზე კონტროლი შეინარჩუნა.
რა თქმა უნდა, ბატისტები არ არიან ერთადერთი ხორცის მწარმოებლები, რომლებიც მიმდინარე პერიოდში კარგად მუშაობენ. პანდემია მრავალი ადამიანისთვის იყო დამანგრეველიც და მომგებიანიც. ვირუსის აფეთქებამ ცხოველური ცილების პროდუქტების ფასების ზრდა გამოიწვია, რადგან მომხმარებლებმა მარაგების შექმნა დაიწყეს.
Bloomberg-ის მონაცემების თანახმად, გასულ წელს JBS-მა კონკურენტების უმეტესობას 69%-იანი მოგებით გადააჭარბა. თუმცა, მისმა ბრაზილიურმა კონკურენტმა Marfrig Global Foods-მა 38%-იანი ნახტომით უკეთესი შედეგი დადო.
გარდა იმისა, რომ ისარგებლოს აწმყოთი, JBS-ის სტრატეგია მომავლის წინასწარ განსაზღვრასაც გულისხმობს.
ისინი ასევე ითვალისწინებენ გარემოსდაცვითი აქტივისტების კრიტიკას, რომლებიც აცხადებენ, რომ კომპანია არ აკეთებს საკმარისს ტყეების გაჩეხვის პრობლემის მიმართულებით. JBS-მა პირობა დადო, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში $1 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებისა და სხვა ინიციატივების განსახორციელებლად, ასევე აიღებს ვალდებულებას უფრო ეფექტურად შეამოწმოს შეძენილი საქონლის წარმოშობა.
მათი საბოლოო თამაში, როგორც JBS-ის მრავალმა აღმასრულებელმა აღნიშნა, ხორცის გიგანტის აშშ-ს ლისტინგში განთავსებაა. თუმცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხი, რომელიც მათ ჯერ კიდევ არ განუხილავთ არის ის, რომ კომპანიის ბორდი ძირითადად ჯერ ისევ ბატისტას ოჯახის წევრებისა და აღმასრულებლებისგან შედგება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ფელიპე მარკესი და ჯეიმს ატვუდი