"სამოქალაქო ავიაციის სააგენტო" საავიაციო ბაზარზე არსებული კომპანიების ფრენების სიხშირეებისა და მიმართულებების ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტოს თანახმად, ზაფხულის სეზონის განრიგში შემდეგი ცვლილებებია:
- ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა დაიწყო მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელება თბილისი - დამამი - თბილისი საჰაერო ხაზზე.
ფრენები სრულდება 12 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს და შაბათს;
-
ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი (ეგეოსის ავიახაზები), მიმდინარე წლის 29 ივლისიდან 26 აგვისტომდე, ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე ამატებს რეგულარულ ფრენებს კვირაში 1 სიხშირით - ყოველ ხუთშაბათს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში ფრენები შესრულდება კვირაში 4 სიხშირით;
-
ავიაკომპანია Turkish Airlines-ი, მიმდინარე წლის 17 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე, სტამბოლი - ბათუმი - სტამბოლის საჰაერო ხაზზე ამატებს რეგულარულ ფრენებს კვირაში 1 სიხშირით.
დამატებითი რეისი განხორციელდება ყოველ შაბათს (სულ კვირაში 5 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში);
-
ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე წელს შემოვიდა, დაამატა ახალა რეგულარული მიმართულება.
შიმკენტი - ქუთაისი - შიმკენტის საჰაერო ხაზზე ფრენები სრულდება 14 ივლისიდან 27 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათს და კვირას.
ამასთან ავიაკომპანიამ დაამატა სიხშირეები არსებულ საჰაერო ხაზებზე. კერძოდ, 1 სიხშირით გაიზარდა ოპერირება ატირაუ - ქუთაისი - ატირაუს მიმართულებით, 12 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდში (სულ, კვირაში 3 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში), ხოლო 10 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე, ნურსულთანი - ქუთაისი - ნურსულთანის საჰაერო ხაზზე დაემატება კვირაში 1 სიხშირე (სულ კვირაში 4 სიხშირე აღნიშნულ პერიოდში);
-
არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia მიმდინარე წლის 17-24 ივლისის პერიოდში გეგმავს 12 დამატებითი რეისის შესრულებას შარჯა - თბილისი - შარჯას მიმართულებით;
-
კატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways-ი ამატებს 3 სიხშირეს დოჰა -თბილისი - დოჰას საჰაერო ხაზზე 15 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე პერიოდში. ჯამში, დედაქალაქებს შორის ფრენა კვირაში 10 სიხშირით შესრულდება;
-
ისრაელის სახელმწიფოს ავიაკომპანია El Al Israel Airlines-ი ამატებს სიხშირეს თელ ავივი - ბათუმი - თელ ავივის საჰაერო ხაზზე. დამატებითი ფრენა შესრულდება 20 ივლისიდან 26 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათს (სულ, 7 სიხშირით კვირაში);
-
არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flydubai მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 24 ივლისამდე, დუბაი - თბილისი - დუბაის საჰაერო ხაზზე გეგმავს 11 დამატებითი რეგულარული ფრენის შესრულებას;
-
ავიაკომპანია Jordan Aviation-ი გეგმავს მრავალჯერადი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ამანი-თბილისი-ამანის საჰაერო ხაზზე.
ფრენები შესრულდება 16 ივლისიდან 31 აგვისტომდე - ყოველ ორშაბათს და პარასკევს;