LIVE

იგორ შილოვი, რომელმაც ციმბირში წაულას ბეწვის გაყიდვით დაიწყო კაირიერა, მილიარდერია

18 ივლ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 955
იგორ შილოვი, რომელმაც ციმბირში წაულას ბეწვის გაყიდვით დაიწყო კაირიერა, მილიარდერია
Bloomberg

იგორ შილოვი, რომელმაც ციმბირში წაულას ბეწვის ქუდების და სხვა საქონლის გაყიდვა დაიწყო, მილიარდერი გახდა.

Bloomberg Billionaires Index-ის თანახმად, შილოვის ქონება $1 მილიარდია, მას შემდეგ რაც მისი კომპანია United Medical Group თავდაპირველი საჯარო შეთავაზების დროს $1,1 მილიარდით შეფასდა. IPO-ს შემდეგ, 58 წლის მეწარმე ფირმის დაახლოებით 55%-ს ფლობს, რომელიც European Medical Center-ის ბრენდის ქვეშ ოპერირებს.

მდიდარი რუსებისთვის ჯანდაცვის პროვაიდერი უკანასკნელი კომპანიაა, რომელიც ეკონომიკის აღდგენის პარალელურად აქციების შეთავაზებას იწყებს. რუსეთში საფონდო შეთავაზებები 2013 წლის შემდეგ წლის ყველაზე დატვირთული დასაწყისია.

”ეს ნაწილობრივ პირადი ამბავია. დედაჩემი კიბოთი დაავადდა და მე უშუალოდ დავინახე, თუ რამდენად რთული იყო რუსეთში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევა”, - ამბობს შილოვი ელექტრონული ფოსტით გაკეთებულ კომენტარში.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი IPO-ს ზრდის ტენდენციას ხედავს, კომპანიების აქციებმა, რომლებიც წელს განთავსდა ბირჟაზე, შემცირება განიცადეს. Fix Price Group-ის, ბიუჯეტური საცალო მოვაჭრის აქციების ფასმა, მარტის თავდაპირველი შეთავაზების შემდეგ 14% -ით დაიკლო, ხოლო ქაღალდის მწარმოებელი Segezha Group აპრილის IPO-ს შემდეგ 8,5%-ით დაეცა.

შილოვმა უნივერსიტეტი ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში 1986 წელს დაამთავრა და შემდეგ წელს შექმნა კომპანია და წაულას ბეწვისგან საქონლის წარმოება დაიწყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან უნგრეთიდან ციმბირში დაკონსერვებული საქონლის, სასმელების და სხვა საკვების იმპორტი დაიწყო.

1998 წელს შილოვმა და მისმა პარტნიორებმა დააარსეს წვენების მწარმოებელი, სახელწოდებით OAO Nidan Juices, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ Coca-Cola-მ იყიდა. შილოვის თქმით, მან გარიგებიდან $250 მილიონი მიიღო, რომლითაც 2008 წელს European Medical Center-ის საკონტროლო პაკეტი შეიძინა.

შილოვი ამბობს, რომ EMC-ის სერვისები წამყვანი უცხოური კლინიკების მსგავსია, ხოლო პროფილაქტიკური მედიცინა და რეაბილიტაცია ზრდის მნიშვნელოვანი სფეროა მას შემდეგ, რაც პანდემიამ ხალხი აიძულა მეტად იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე.

თუმცა ინვესტორების ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ მდიდარი რუსები EMC-ს დასავლურ კლინიკებს ამჯობინებენ, განსაკუთრებით Covid-19-ის მოგზაურობის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

"მთავარი რისკია ის, რომ ახლა მდიდარ რუსებს საშუალება აქვთ მკურნალობა საზღვარგარეთ გაიარონ, მაშინ როცა რუსეთში ბაზრის ზრდა შეზღუდულია”, - ამბობს კონსტანტინე ასატუროვი, მოსკოვის Sistema Capital-ის მენეჯერი, რომელიც არ მონაწილეობდა გარიგებაში.

ამასთან, EMC ძვირია, რაც ამცირებს მომხმარებელთა სავარაუდო ჯგუფს.

მიუხედავად ამისა, შილოვი დარწმუნებულია კომპანიის მომავლის შესახებ და ამბობს, რომ ქვეყნის სამედიცინო ინდუსტრია სწრაფად განვითარდება.

მილიარდერი გახდომის შესახებ კითხვას მან უპასუხა, რომ ბევრად უფრო ბედნიერი იყო, როდესაც პირველი მილიონი გამოიმუშავა.

”ეს მხოლოდ საქმიანობის საზომია, როგორც სპორტში”,-ამბობს შილოვი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრ საზონოვი