ისრაელის ჯანდაცვის უწყებაში მიაჩნიათ, რომ Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის საკმარისია და მესამე დოზის შეთავაზებას მხოლოდ სუსტი იმუნური სისტემის მქონე პაციენტებისთვის აპირებს.
ისრაელმა ორშაბათს განაცხადა, რომ ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზებას დაიწყებს იმუნური სისტემის დასუსტებული პაციენტებისთვის.
ამერიკული კორპორაცია Pfizer-ის ადრეული მონაცემების თანახმად, მესამე ინექციამ შეიძლება მკვეთრად გაზარდოს იმუნური რეაქცია. ამ დროისთვის, ისრაელის მოქალაქეებს, რომლებსაც გაუკეთეს გულის, ფილტვების, თირკმელების ან ღვიძლის გადანერგვა, ასევე კიბოთი დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან, მესამე დოზის მიღების უფლება აქვთ.
Pfizer-ი გეგმავს, რომ მესამე, გამაძლიერებელი დოზისთვის FDA-ს გადაუდებელი გამოყენების ნებართვის მისაღებად აგვისტოში მიმართოს.
საყოველთაო ვაქცინაციის ყველაზე სწრაფი ტემპის მიუხედავად, ისრაელში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, რაც დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება. გასული თვის შემდეგ ქვეყანაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 10-დან 500-მდე გაიზარდა, კრიტიკული შემთხვევების რიცხვი კი გაორმაგდა. მოსახლეობის 56% სრულად ვაქცინირებულია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ფარაჰ ალ-ბაჰრაუი, იუსეფ ჯამალ ად-დინი და მანოს კარანში