ბელგიის ისტორიული ქალაქი ლევენი, რომელიც უძველესი უნივერსიტეტით და ლუდსახდელი გიგანტის Anheuser-Busch-ის შტაბ-ბინის ადგილმდებარეობით არის პოპულარული, ნაკლებად ცნობილია, როგორც ნახევარგამტარული კვლევითი ორგანიზაციის - Interuniversity Microelectronics Centre-ის სახლი. ორგანიზაციის, რომელიც ახლა როგორც პოლიტიკური, ასევე ინდუსტრიული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
Interuniversity Microelectronics Centre, იგივე imec-ი, შეიძლება ბელგიის ყველაზე კარგად დაცული საიდუმლო იყოს, მაგრამ მასზე გლობალური მოთხოვნა კომპიუტერულ ჩიპების მომავალზე სამუშაოდ ძალიან დიდია.
ამჟამად ევროკომისია imec-თან კონტინენტის ჩიპური შესაძლებლობების განვითარების გეგმების შესახებ თანამშრომლობს. მიმდინარე თვეში კვლევით ცენტრში ასევე იმყოფებოდა სამხრეთ კორეის მინისტრების დელეგაცია. მისი სახელი მოხვდა გასული თვის თეთრი სახლის აშშ-ს მიწოდების ჯაჭვების მიმოხილვაში ნიდერლანდების ASML- სთან ერთად, რომელსაც ვირტუალური მონოპოლია აქვს იმ აპარატებზე, რომლებიც ყველაზე თანამედროვე ჩიპების შესაქმნელადაა საჭირო. ვაშინგტონის ერთი დამკვირვებლის სიტყვებით, imec-ი ერთ-ერთია იმ ადგილებიდან, რომელთა შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს.
imec-ი ახლა სულ უფრო მეტად ხვდება მთავრობების ყურადღების ცენტრში, რადგან ჩიპები აშშ-ჩინეთის ტექნოლოგიურ კონფლიქტში პოლიტიკურ იარაღია. ამასთან, პანდემიის დროს ინდუსტრიაში დეფიციტმა ხელი შეუწყო მოწინავე კვლევებით დაინტერესებას სახელმწიფოების მხრიდან. აშშ, ჩინეთი, იაპონია და ევროპა ნახევრადგამტარების წარმოებაში უფრო მეტი დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობენ.
ამჟამად imec-ის კვლევითი ცენტრი მონაწილეობს სტიპენდიის პროგრამაში ჩინეთიდან მკვლევარების დასაფინანსებლად. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის თებერვალში გახდა ვუქსის მუნიციპალური ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციის წევრი ჯიანგსუს პროვინციაში, ჩიპების წარმოების ძირითად არეალში.თუმცა, აღმასრულებელი დირექტორის, ლუკ ვან დენ ჰოვის თქმით, ცენტრს ჩინეთში მხოლოდ ხუთკაციანი წარმომადგენლობა ჰყავს.
მან დასძინა, რომ imec-ი მკაცრად იცავს საექსპორტო რეგულაციებს, მათ შორის ვაშინგტონის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს და დაჟინებით ამტკიცებს, რომ imec- ის კვლევითი შესაძლებლობები არ დაზარალებულა პოლიტიკური ინტერსების გამო.
”მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე გეოპოლიტიკური დაძაბულობა იზრდება”,- ამბობს ვან დენ ჰოვი
თავის მხრივ, მთავრობები ტექნოლოგიების მიმართ უფრო მგრძნობიარე ატმოსფეროში მოქმედებენ. ბაიდენის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, imec-ზე ყურადღებას ევროკავშირთან დისკუსიების დროსაც ამახვილებს, რათა გააფართოვოს აშშ-ს ალიანსი ჩინეთთან ტექნოლოგიურ დაპირისპირებაში.
”მე გაოცებული ვიქნები, თუ ისინი არ განიხილავენ ამას. Imec-ი მართლაც უნიკალური დაწესებულებაა”, - ამბობს რასერი, რომელიც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში(Central Intelligence Agency) მუშაობდა ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე.
კითხვაზე, დაუკავშირდა თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია კვლევით ცენტრს, ვან დენ ჰოვი პასუხობს, რომ ამ თემაზე მრავალმხრივი დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ არ ასახელებს ვისთან.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამომავლო პროგნოზით, აქცენტის ერთ-ერთი სფერო რთული ნახევარგამტარების სფერო იქნება. ჩინეთი მესამე თაობის ჩიპების განვითარებას აფინანსებს, რომლებიც შედგენილია ისეთი რთული მასალებისგან, როგორიცაა გალიუმის ნიტრიდი. ეს არის მცდელობა ჩინეთმა მიაღწიოს ამ სფეროში ლიდერობას აშშ-ს სილიციუმზე დაფუძნებულ ტექნოლოგიაზე დამოკიდებულების გარეშე. თუმცა, ვან დენ ჰოვი ეჭვობს, რომ სფერო ოდესმე უფრო მეტი გახდეს, ვიდრე ნიშური ბაზარი.
მიუხედავად ამისა, ვან დენ ჰოვი ინდუსტრიის პოტენციალს არსებული ტერიტორიების მიღმა პოზიტიურად უყურებს. მაგალითად, მისი თქმით, ჩიპების ტექნოლოგიამ შეიძლება გააუმჯობესოს კვების წარმოება და მონიტორინგი. ეს კი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე.
”ამ მომენტში მსოფლიოში ბევრი რამ ხდება, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. შესაძლებლობები ძალიან დიდია”, - აცხადებს ვან დენ ჰოვი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალან კროუფორდი