LIVE

პრემიერის მოადგილე: აშშ-მა და იაპონიამ ტაივანი ერთობლივად უნდა დაიცვან

06 ივლ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1137
პრემიერის მოადგილე: აშშ-მა და იაპონიამ ტაივანი ერთობლივად უნდა დაიცვან
I-Hwa Cheng/Bloomberg

იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, ტარო ასოს განცხადებით, დიდი პრობლემების შემთხვევაში ტაივანი იაპონიამ და აშშ-მა ერთობლივი ძალებით უნდა დაიცვან. იაპონიის ხელისუფლების მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ჩინეთის მიერ ტაივანზე თავდასხმა შეიძლება ჩაითვალოს ეგზისტენციალურ საფრთხედ, რაც იაპონიას კოლექტიური თავდაცვის უფლების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. 

იაპონია დიდხანს ცდილობდა თავიდან აეცილებინა ჩინეთთან, უდიდეს სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობის გაუარესება, პარალელურად კი შეენარჩუნებინა ალიანსი შეერთებულ შტატებთან. თუმცა, ტაივანის შესახებ ბოლოდროინდელმა კომენტარებმა ჩინეთის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან ისინი ტაივანს საკუთარი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევენ. 

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის სწრაფვა ტაივანზე კონტროლის მოსაპოვებლად “ისტორიულ მისიად” მოიხსენია და ოპონენტებს მოუწოდა, მისი მთავრობის საქმიანობაში ჩარევისგან თავი შეიკავონ.

ტაივანში ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად დაიძაბა. ივნისში ჩინეთმა კუნძულთან 28 სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა, რაც ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნაა მიმდინარე წელს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იზაბელა რეინოლდსი