მას შემდეგ, რაც OPEC+-მა შემცირებული პროდუქციის დაბრუნების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწია, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 2018 წლის შემდეგ პირველად, $77-ს გადააჭარბა.
ჯგუფის ნავთობის მინისტრებმა კომპრომისის მიღწევა ვერ შეძლეს და წარმოების ამჟამინდელი ლიმიტები აგვისტომდე შეინარჩუნეს, რაც ბაზარს, რომელიც გაჯანსაღების პროცესშია, საჭირო რესურსს ართმევს.
გასული კვირის მოლაპარაკებები შეფერხდა, რადგან საუდის არაბეთი მტკიცედ იდგა აგვისტოში წარმოების გაზრდისა და OPEC+-ის შეთანხმების 2022 წლის ბოლომდე გაგრძელების პოზიციაზე, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს წარმოების გაზრდისთვის უკეთეს პირობების მიღწევა სურდა. ჯგუფის მიერ მიწოდების გაზრდის შეუსრულებლობა ინფლაციის საფრთხეს ზრდის.
OPEC+-ის წევრთა უმეტესობამ მხარი დაუჭირა აგვისტოდან წარმოების დღეში 400 000 ბარელით გაზრდის წინადადებას, ხოლო უფრო ფართო მიწოდების გარიგების ვადის ამოწურვის თარიღი წლის ბოლოს გადაიდო.
Morgan Stanley-ის შეფასებით, ნავთობზე გლობალური მოთხოვნა მაისი-ივნისის პერიოდის ჩათვლით დეკემბრამდე 3 მილიონი ბარელით გაიზრდება. სხვაგან მცირე მიწოდების ზრდის პირობებში, OPEC+-ის მიერ შემოთავაზებული ზრდა ბაზარს დეფიციტში შეინარჩუნებს. ბანკის პროგნოზით, ეს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში Brent-ის ტიპის ნავთობის ფასის ბარელზე $75-დან $ 80-მდე ზრდას შეუწყობს ხელს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ტატლი