LIVE

სათამაშოები შესაძლოა 20%-ით გაძვირდეს - უსაფრთხოების კონტროლი მკაცრდება

30 ივნ 202120:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 1480

პირველი ივლისიდან ყველა ის ბიზნესოპერატორი დაჯარიმდება, რომელიც სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს სათამაშოს ბაზარზე განთავსებამდე, პროდუქტის შესაბამისობის შეფასებასა და დოკუმენტაციის შედგენას, რომელიც ადასტურებს სათამაშოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობას (იგულისხმება სათამაშოების როგორც ქიმიური შემადგენლობა, ისე ფიზიკური მახასიათებლები - რამდენად ბასრია სათამაშო, მცირე ზომისაა და ა.შ.).

ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილებით, იმპორტიორი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის მეშვეობით შემოსავლების სამსახურსა და სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.

ტექნიკურ რეგლამენტს ასევე დაემატა მეორეული სათამაშოების განსაზღვრება. აღნიშნულ სათამაშოებზე სავალდებულო არის მეორეულობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო დოკუმენტის წარმოდგენა. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია, აწარმოოს მონაცემთა ბაზა, რომელიც თითოეული მეორეული სათამაშოს იდენტიფიცირებას შესაძლებელს გახდის.

"ეს გარკვეულწილად გამოიწვევს იმპორტიორი კომპანიების ნაწილის ბაზრიდან გასვლას. 20-25%-ით გაძვირდება სათამაშოები. ამისთვის მომხმარებელი ამ ეტაპზე არ არის მზად, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვების უსაფრთხოება პრიორიტეტულია და ევროდირექტივაც ამას ითხოვს, როგორმე უნდა მოვერგოთ. იმედი გვაქვს, რომ ბაზარი გამოგვყვება",- აცხადებს "კოდალას" დამფუძნებელი, კოტე სვანაძე "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აღსრულებითი ზომები მიიღება, რომელთა სიმკაცრე დამოკიდებულია აღმოჩენილი შეუსაბამობით გამოწვეული პოტენციური საფრთხის ზომაზე და მოიცავს სხვადასხვა სანქციებს, მათ შორის მითითებას, რეალიზაციის შეჩერებას, პროდუქტის ამოღებას, გამოთხოვას, ასევე განადგურებას, თუ სათამაშო შეიცავს საშიშ ქიმიურ მინარევებს.