LIVE

რუსი ნავთობ-მაგნატი Rothschild-ს სასამართლოში უჩივის

26 ივნ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 816
რუსი ნავთობ-მაგნატი Rothschild-ს სასამართლოში უჩივის
Bloomberg

ედმონდ დე როსჩაილდის ბანკის ძველი ლუქსემბურგის ოფისები თანაბრად გამოხატავს როგორც პრესტიჟს, ისე უსაფრთხოებას. ორი ათეული წლის წინ, იქ უფროსმა ოფიცრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს რუსი ნავთობ მაგნატ სერგეი ბოგდანჩიკოვთან, რომელიც მის მზარდ ქონებას ბანკს ანდობდა.

ბოგდანჩიკოვის მტკიცებით, მისი სიმდიდრის დაცვისა და გაზრდის ნაცვლად, ბანკის მენეჯერმა იგი ევროპასა და აშშ-ში საერთო ინტერესებით გაერთიანებული პირების ვიწრო წრისკენ მიმართა, რაც მას არასწორი ფსონების გამო $150 მილიონზე მეტი დაუჯდა.

ბოგდანჩიკოვი ახლა ჟენევაში დაფუძნებული ბანკის ლუქსემბურგის ფილიალსა და მანჰეტენის ობლიგაციების ფონდის მენეჯერს უჩივის, რათა შეძლებისდაგვარად დანაკარგები აღიდგინოს. სასამართლოში იგი თაღლითობას, შეთქმულებას და ფიდუციარული მოვალეობის დარღვევას ედავება და აცხადებს, რომ როსჩაილდი, ცნობილი ფინანსისტებისა და მეღვინეების ოჯახის წარმომადგენელი, დანარჩენ სამ პირთან შეთქმულებით ცდილობდა გამდიდრებას "უკანონო, ზედმეტი და გაბერილი გადასახადებით, მისი სახელის ბრწყინვალებისა და რეპუტაციის მიღმა დამალვის პარალელურად." 

ბანკმა, რომელიც გასულ წელს ქალაქის მეორე მხარეს თანამედროვე ნაწილში გადავიდა, სასამართლოში ყველანაირი სამართალდარღვევა უარყო და Bloomberg-თან აღნიშნა, რომ კომენტარს არ გააკეთებს ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ იურიდიულ და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობა ჯგუფისა და მისი ყველა თანამშრომლისთვის აშკარა პრიორიტეტია.

ბოგდანჩიკოვი იგივე სარჩელის შეტანას ცდილობს, რომელიც ოქტომბერში ნიუ-იორკის შტატის უზენაეს სასამართლოში შეიტანა და იურიდიული საფუძვლების გამო, როგორიცაა იურისდიქცია და დროულობა, არ მიიღეს. ის ახლა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესს ითხოვს, მოსმენა 10 სექტემბერს დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიულ ბანკთან, Credit Suisse-თან სასამართლო დავაშია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. საქმე ივანიშვილის ყოფილი პირადი ბანკირის პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებულ თაღლითურ სქემას უკავშირდება, რომელიც 2015 წელს გამოაშკარავდა.

აპრილში თავად Credit Suisse-მაც შეიტანა სარჩელი ბრიტანულ სასამართლოში ივანიშვილის წინააღმდეგ. Credit Suisse Group AG ქართველ მილიარდერსა და მის კომუნიკაციების მრჩეველს უჩივის იმის გამო, რომ მათ გადაწყვიტეს გამოაქვეყნონ შვეიცარიის საბანკო რეგულატორის ანგარიშის ასლი, რომელიც ბანკის მტკიცებით, ფინანსურ საიდუმლოებას შეიცავდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჰუგო მილერი და კრისტიან ბერტელსენი