LIVE

სანქციების ამოქმედებამდე რუსეთი Nord Stream 2-ზე მუშაობას აძლიერებს

30 დეკ 202011:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 329
სანქციების ამოქმედებამდე რუსეთი Nord Stream 2-ზე მუშაობას აძლიერებს
Alex Kraus/Bloomberg

აშშ-ს სანქციების ამოქმედებამდე რუსეთი Nord Stream 2-ის მილსადენის პროექტზე მუშაობას აგრძელებს. 1230 კილომეტრის მშენებლობა ორშაბათს გერმანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მილების გაყვანით დასრულდა. შემდეგი ეტაპი ბალტიის ზღვის დანიის ნაწილში მუშაობის განახლება იქნება.

როექტის ამოქმედების შემდეგ რუსეთი ევროპისთვის გაზის მიწოდებას გაზრდის, ხოლო სატრანსპორტო დერეფანი უკრაინას გვერდს აუვლის, რაც პუტინის უდაო გამარჯვებად მიიჩნევა. ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში მიაჩნიათ, რომ მილსადენი გერმანიისა და ევროკავშირის რუსულ გაზზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის, რაც ევროპის უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად შეარყევს. 

პასუხად ამერიკის შეერთებული შტატები თავდაცვის აქტის ფარგლებში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ზრდის. თუ სენატი დონალდ ტრამპის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევს, სანქციები რამდენიმე კვირაში შევა ძალაში და რუსეთს დანიის წყლებში სამუშაოების დროული განახლება გაუჭირდება. ამას ადასტურებს კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი, რომლის თქმით, აშშ-ს სანქციებმა შეიძლება გაართულოს Nord Stream 2-ის დასრულება.

თუმცა, დანიის საზღვაო ადმინისტრაციამ გასულ კვირას განაცხადა, რომ Nord Stream 2-ს შეუძლია Fortuna-ს  ხომალდის გამოყენება 15 იანვრიდან სამუშაოების გასაგრძელებლად. ხომალდს დღეში 1 კილომეტრიანი მილის გაყვანა შეუძლია. ანალიტიკოსების შეფასებით, ოპტიმისტური სცენარით, Nord Stream 2 2021 წლის ბოლოს შეძლებს ამოქმედებას.

9,5 მილიარდი ევროს ღირებულების მქონე პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ აშშ-ს სანქციების შედეგად შეჩერდა და მხოლოდ დეკემბრის დასაწყისში განახლდა მას შემდეგ, რაც გაზპრომმა მოიძია საკუთარი ტექნიკური რესურსი მილსადენის დასაყენებლად. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვანესა დეზემი, დენიელ ფლეტლი და დინა ხრენიკოვა