LIVE

Porsche სპორტული ელექტრომობილებისთვის ბატარეის ელემენტებს გერმანიაში დაამზადებს

21 ივნ 202119:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1199
Porsche სპორტული ელექტრომობილებისთვის ბატარეის ელემენტებს გერმანიაში დაამზადებს

Porsche ბატარეის ელემენტებს  სპორტული ელექტრო მანქანებისთვის გერმანიაში, ლითიუმ-იონის სპეციალისტთან ერთად, ახალ ერთობლივ საწარმოში შეიმუშავებს და დაამზადებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტომწარმოებელი ათობით მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს Custom Cells GmbH-ში და Cellforce-ის საწარმოს 83,75%-იან წილს გააკონტროლებს. მცირე წარმოება 2024 წელს დაიწყება, რასაც გერმანიის სახელმწიფო დაახლოებით 60 მილიონი ევროს დაფინანსებით შეუწყობს ხელს.

ტრადიციული ავტომწარმოებლები აძლიერებენ ძალისხმევას და ცოდნას ელექტრომობილების ბატარეის ტექნოლოგიებში, რათა კონკურენცია გაუწიონ Tesla-ს და მოიზიდონ მომხმარებლები. ამასთან, სპორტული მანქანების ბატარეები უნდა გაუმკლავდნენ მაღალ ტემპერატურას და შეძლონ სწრაფი დამუხტვა.

Porsche-ს ახალი ელემენტი დატენვას 15 წუთზე ნაკლებ დროში გახდის შესაძლებელს. ბრენდის Taycan მოდელს ამჟამად 22 წუთი სჭირდება ბატარეის 5%-დან 80%-მდე დატენვისთვის.

ბრენდი სილიციუმს გამოიყენებს, როგორც ანოდის მასალას უფრო მაღალი ენერგიის სიმკვრივისა და უფრო კომპაქტური ელემენტებისათვის. შტუდგარდის გარეთ მდებარე ახალ ქარხანას ექნება წლიური სიმძლავრე მინიმუმ 100 მეგავატი საათი, რაც საკმარისია წელიწადში 1000-მდე სპორტული მანქანის ელემენტის შესაქმნელად.

Porsche-ს განვითარების უფროსი, მაიკლ შტაინერი ამბობს, რომ კომპანია ბატარეის ტექნოლოგიის ტესტირებას ავტოსპორტის სახეობებში გააგრძელებს. რბოლებიდან მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს Taycan-ის ტექნოლოგიის დახვეწას, რომელიც 2019 წელს გამოვიდა ბაზარზე.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფ რუვალდი