გერმანიის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინირებულია. დღევანდელი მონაცემებით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით 50% უკვე აცრილია. მოსახლეობის 29.6% კი სრულად იმუნიზებულია.
ვაქცინაციის შესახებ უახლესი მონაცემები დღეს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა წარადგინა. იენს სპანის თქმით, ახალი შტამების გავრცელების ფონზე, ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
“დელტა ვარიანტი გერმანიაშიც ვრცელდება. მთავარი გამოწვევა ისაა, რომ იგი განსაკუთრებით გადამდებია და პანდემიასთან ბრძოლაში წარმატებას საეჭვოს ხდის”,- ამბობს მინისტრი.
გერმანიაში თავდაპირველად პრიორიტეტი ენიჭებოდა მოხუცებსა და მომეტებული რისკის ქვეშ მყოფ პირებს. ივნისის დასაწყისში გერმანიამ ვაქცინაციის საშუალება მისცა ზრდასრულს და ასევე 12 წელზე უფროს ბავშვებს.
გერმანიაში იმუნიზაციის პროცესი რამდენიმე ვაქცინით მიმდინარეობს. მათ შორის, ყველაზე დიდი წილი გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ისა და მისი ამერიკული პარტნიორის, Pfizer-ის ვაქცინაზე მოდის.
მესამე ტალღის შემდეგ, გერმანიამ კოვიდრეგულაციები შეამსუბუქა. ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში 100 000 ადამიანზე ინფიცირების 10,3 შემთხვევა მოდის. აპრილის ბოლოს ეს მაჩვენებელი 170-ს აღწევდა.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ვაქცინაციის პროგრესი და ინფექციების შემთხვევების კლება, პირველ კვარტალში მშპ-ს 1.8%-იანი კლების შემდეგ, ეკონომიკის აღორძინებას ხელს შეუწყობს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იაინ როჯერსი