Shopify ელექტრონული კომერციის გადახდის სისტემას Google-ისა და Facebook-ის საშუალებით, ყველა საცალო მოვაჭრისთვის გახსნის. კანადური ტექნოლოგიური კომპანია აშშ-ს ორ გიგანტთან თანამშრომლობას გააფართოებს და პირველად შესთავაზებს პროდუქტს იმ საცალო მოვაჭრეებს, რომლებიც მის პლატფორმას არ იყენებენ.
მყიდველები, რომლებიც საცალო მოვაჭრეებს Facebook-ის ან Google-ის საშუალებით დაუკავშირდებიან, მაგალითად Instagram-ის, YouTube-ის ან Google Maps-ის გამოყენებით, შეძლებენ შენაძენისთვის Shop Pay-ის გამოყენებით გადაიხადონ. სერვისი Facebook-ზე ხელმისაწვდომი ივლისიდან გახდება, Alphabet-ის Google-ისთვის კი 2021 წლის ბოლოს. Shop Pay ერთგვარი სალაროა, რომელიც მომხმარებლების ინფორმაციას ინახავს და ონლაინ ტრანსაქციებს აჩქარებს.
”იმედი გვაქვს, რომ Shop Pay-სთვის ეს იმპულსი არის ნაბიჯი წინ, რომ გახდეს ინტერნეტის ფავორიტი გადახდის საშუალება”,- განაცხადა Shopify-ის პრეზიდენტმა, ჰარლი ფინკელშტეინმა.
პირველი დღეებიდან Shopify საცალო ვაჭრობას ეხმარება კომერციული ვებგვერდების შექმნაში და მაღაზიების ინტერნეტში განთავსებაში. ოტავაში დაფუძნებულმა Shopify-მ მომსახურების სფერო გააფართოვა და ახლა მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა პაკეტს, მათ შორის ამანათების გაგზავნის მომსახურებას, მონაცემთა ანალიზს და მცირე ბიზნესისთვის სესხებს. ბრენდი თავის თავს ახასიათებს როგორც "საცალო ვაჭრობის ოპერაციულ სისტემას".
გლობალური ელექტრონული კომერცია პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა. ბაზრის შემსწავლელი ფირმის eMarketer-ის შეფასებით, საცალო ვაჭრობის ონლაინ ქსელის მოცულობა 2021 წელს 4,89 ტრილიონი დოლარი იქნება. აშშ-ში ელექტრონული კომერციის თითქმის 10% Shopify-ის მაღაზიების საშუალებით ხორციელდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანიელ ბოჩოვი