LIVE

რა იქნება ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პრიორიტეტები?

17 ივნ 202122:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1408
რა იქნება ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური პრიორიტეტები?
AFP

ისრაელის პრემიერ-მინისტრების უმეტესობა საჯარო სექტორიდან, ან სამხედრო სფეროდან იყვნენ. ნაფტალი ბენეტი პირველია, ვინც პოლიტიკაში ტექნოლოგიური სამყაროდან შევიდა. 1999 წელს, არმიიდან გასვლის შემდეგ, მან დააარსა თაღლითობის საწინააღმდეგო კომპანია Cyota, რომელიც 2005 წელს $145 მილიონად იყიდა უსაფრთხოების კომპანია RSA-მ. რვა წლის შემდეგ, Soluto-ს ინვესტორისა და აღმასრულებელი დირექტორის რანგში, მან კიდევ ერთი გარიგება დადო, რომელიც $100 მილიონს მოიცავდა.

ეს შეიძლება დღეს მცირე რიცხვებად ჟღერდეს, მაგრამ ეს იქამდე მოხდა, ვიდრე ისრაელს „სტარტაპების ერის“ სახელი მიენიჭებოდა. ბენეტი ბიზნესში რომ დარჩენილიყო, დღეს ისრაელის ტექნოლოგიური სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წარმომადგენელი იქნებოდა.

ის ჯერ კიდევ თავის ახალ გამარჯვებას ზეიმობდა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის კომპანია Payoneer, რომელშიც ბენეტი ადრეული ინვესტორი იყო, უერთდება ამერიკულ SPAC-ს და Nasdaq-ზე $3.2 მილიარდიანი ღირებულებით განთავსდება. Forbes Israel-ის შეფასებით, ბენეტის წილი $5 მილიონით გაიზრდება. ადგილობრივი ინსაიდერების შეფასებით კი თანხის მოცულობა შესაძლოა, გაცილებით მაღალი იყოს.

თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბენეტი ყველაზე მდიდარი პრემიერ-მინისტრია ისრაელის ისტორიაში. მაგრამ ფული, ბენეტისთვის, მიზნის მიღწევის საშუალება იყო და მის ოცნებას პრემიერ-მინისტრობა წარმოადგენდა. მიზანი მიღწეულია და ისმის კითხვა: რას გააკეთებს ის, როგორც ქვეყნის ლიდერი?

ცხადია, მას არ ექნება თავისი წინამორბედისა და კონკურენტის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება. ბენეტი უხელმძღვანელებს მთავრობას, რომელშიც მისი პარტია „იემინა“ მხოლოდ მეხუთე კოალიციური ფრაქციაა სიდიდით.

მისი კოალიცია, რომელიც ფართო იდეოლოგიური სპექტრის რვა პარტიისგან შედგება, ვერ შეძლებს არსებითი საგარეო ინიციატივების განხორციელებას. ბენეტის საგარეო პოლიტიკა, როგორც მანამდე ისრაელის ყველა პრემიერ-მინისტრი აკეთებდა, აქცენტირებული იქნება ისრაელისა და აშშ-ის ურთიერთობებზე. აქ მას გარკვეული უპირატესობები აქვს. ის ამერიკულად საუბრობს (მან 2013 წელს უარი თქვა აშშ-ის მოქალაქეობაზე, როდესაც იგი ქნესეთში აირჩიეს), ქარიზმატულია, ასევე, უპრეტენზიო და პრაგმატული, საჭიროების შემთხვევაში.

ბენეტი ამ უნარ-ჩვევებს გამოიყენებს დემოკრატიულ პარტიაში ნეთანიაჰუს წინააღმდეგ მოკავშირეების მოპოვებაში, გააგრძელებს მუშაობას აშშ-სთან ირანის ბირთვული შეთანხმების გასაუმჯობესებლად და გასაფართოებლად (ინსპექტირების გაძლიერება, ბალისტიკური რაკეტების შეზღუდვები და ირანის მხრიდან ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერის აკრძალვა) და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებულ ორ-ქვეყნიან სამშვიდობო გეგმაში პროგრესის მიმართულებით.

ის კავშირებს შეინარჩუნებს რესპუბლიკურ პარტიასთან და სიონისტებთან, ხოლო ლიბერალ ებრაელ ლიდერებს მოხიბლავს საკუთარი ორთოდოქსული ტოლერანტობით. ამასა გარდა, მისი მთავარი მიზანი იქნება კარგი ურთიერთობების შენარჩუნება შეერთებულ შტატებთან, ჩინეთთან და რუსეთთან დაპირისპირებაში ჩათრევის გარეშე.

ბენეტის მთელი წინასაარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო მეხუთე არჩევნების თავიდან აცილებაზე, ასე რომ, ჯერჯერობით უცნობია, როგორ განსაზღვრავს პოლიტიკის პრიორიტეტს. საშინაო პოლიტიკაში, ბენეტის წარმატება დიდწილად დამოკიდებული იქნება ნეთანიაჰუს მიერ პროვოცირებულია მძვინვარე პოლიტიკური ატმოსფეროს დამშვიდებაზე, მისთვის შეუსაბამო მინისტრების მხარდაჭერაზე, პოსტ-კოვიდური კეთილდღეობის მიღწევაში და იურიდიული სისტემის, სოციალური კეთილდღეობისა და ციფრული ინფრასტრუქტურის რეფორმების გატარებაზე. პარადოქსულია, მაგრამ „სტარტაპების ერს“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნელი ინტერნეტი აქვს.

ბენეტი ღიად აცხადებს, რომ სწამს ისრაელის სუვერენული უფლებისა მთლიანად იერუსალიმისა და დასავლეთ სანაპიროს მიმართ, რომელსაც ისრაელის მთავრობა ბიბლიურ სახელებს, იუდეასა და სამარიას უწოდებს. თუმცა, მისი ფართო მთავრობისა და მასში საკუთარი შეზღუდული როლის გათვალისწინებით, ეს სადავო საკითხია.

ბენეტს შეიძლება ბიბლიური ხედვა ჰქონდეს, მაგრამ მას ტექნოლოგიური ინვესტორის შორსმჭრეტველობა აქვს. ნეთანიაჰუს მთავრობაში განათლების მინისტრად მუშაობისას, მან მნიშვნელოვნად გაზარდა საშუალო სკოლებში მათემატიკასა და ფიზიკაში სპეციალიზირებული მოსწავლეების რაოდენობა.

ბენეტი ასევე, თავისუფალი ბაზრის მომხრეა. 2013 წლის ინტერვიუში მან მოდელად დაასახელა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პასუხი 9/11 წლის ტერაქტებზე ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. ”მან საზოგადოებას უთხრა, რომ გასულიყვნენ და მაღაზიებში ევაჭრათ, რაც ძალიან პატრიოტული საქციელია“,- გაიხსენა ბენეტმა.

რა თქმა უნდა, ბუშმა აგრეთვე ომი გამოუცხადა ერაყსა და ავღანეთს. ბენეტი, რომელიც ელიტურ საბრძოლო განყოფილებაში ოფიცრის მოვალეობას ასრულებდა, არ არის მშვიდობისმყოფელი. თუ ისრაელს კვლავ თავს დაესხმება ჰამასი, ის მკაცრად უპასუხებს. ეროვნული უსაფრთხოება ის საკითხია, რაშიც მას ფართო მხარდაჭერა ექნება,  როგორც მისი კოალიციისგან, ასევე ოპოზიციური ძალებისგან.

ომის გარეშეც, მას ბევრი რამის გაკეთება გაუჭირდება თავისი 2-წლიანი ვადის განმავლობაში, ან თუნდაც კოალიციის შენარჩუნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ზევ ჩაფეცი