LIVE

ქართული სტარტაპი Payze გლობალური Fintech კონკურსის რეგიონალური გამარჯვებულია

11 ივნ 202118:13
3 წუთის საკითხავი
clock clock 2138
ქართული სტარტაპი Payze გლობალური Fintech კონკურსის რეგიონალური გამარჯვებულია

გლობალური კონკურსის Visa Everywhere Initiative 2021 ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებული ქართული სტარტაპი, Payze გახდა.

სტარტაპმა პირველი ადგილი CAMEA-ს რეგიონიდან მონაწილე 760 მსურველს შორის მოიპოვა და საკონკურსო ჯილდო 15,000 აშშ დოლარი გადაეცა.

"ის ფაქტი, რომ CEMEA– ს რეგიონში, VEI-ის გლობალური კონკურსის 760-ზე მეტი მონაწილიდან მთავარ ფინალისტად ქართული სტარტაპი შეირჩა, ადასტურებს რომ საქართველო არა მხოლოდ მსოფლიო ლიდერია უკონტაქტო გადახდების კუთხით, არამედ დიდ გავლენას ახდენს ფინანსური ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე,“ განაცხადა ვიზას რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიის რეგიონში, დიანა კიღურაძემ.

გლობალური კონკურსის ფინალი 14 სექტემბერს გაიმართება, რომელშიც Payze მიიღებს მონაწილეობას. საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, მათ შორის გამარჯვებულისთვის განკუთვნილია 50 000 აშშ დოლარი.

Payze გიორგი წურწუმიამ და კახა გელაშვილმა 2020 წელს დააფუძნეს. სტარტაპი ნებისმიერი ტიპის ბიზნესს უზრუნველყოფს გადახდების ონლაინ მიღების მრავალფუნქციური პლატფორმით მსოფლიო მასშტაბით. 2021 წლის აპრილში, განხორციელებული ელექტორნული ტრანზაქციების მიხედვით, კომპანიამ 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გაუწია მომსახურება, რაც მთლიან მოგებას ყოველთვიურად 35%-ით ზრდის.

"ეს იყო, ერთდროულად ძალიან შთამბეჭდავი და ამავე დროს გამოწვევებით სავსე გამოცდილება, შეჯიბრება გაგვეწია რეგიონის საუკეთესო სტარტაპებისთვის, რამაც ჩვენს სტარტაპს შემდგომი ზრდის შესაძლებლობა მისცა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს დსთ-სრეგიონში მოქმედი ტექნიკური კომპანიებისა თუ ინდივიდებისათვის ონლაინ გაადახდების მიღებისა და მართვის პროცესში“, განაცხადა გიორგი წურწუმიამ, ფეიზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

საბოლოოდ, ხუთი კომპანია გავიდა CEMEA-ს რეგიონალურ ფინალში. ჟიურიმ, პირველ ადგილზე გასული Payze-სა და აუდიტორიის ფავორიტი პაკისტანური Safepay-ის გარდა, კონკურსის ფინალისტებად დაასახელა სამი კომპანია: Arifpay ეთიოპიიდან, კორპ ბანკი რუსეთიდან და VPD Money ნიგერიიდან.

გლობალურ ფინალში, რომელიც TechCrunch-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ფეიზი, წყნარი ოკეანის აუზის, ლათინური ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების გამარჯვებულ სტარტაპ კომპანიებს დაუპირისპირდება.