LIVE

რუსეთი UEFA-ს უკრაინის “პოლიტიკური” საფეხბურთო მაისურის გამო უჩივის

09 ივნ 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 712
რუსეთი UEFA-ს უკრაინის “პოლიტიკური” საფეხბურთო მაისურის გამო უჩივის
AFP

რუსეთმა საჩივრის წერილი გაუგზავნა ევროპის ფეხბურთის მმართველ ორგანოს, UEFA-ს. მოსკოვის შეშფოთება Euro 2020-ზე უკრაინის ნაკრების მაისურის დიზაინმა გამოიწვია. რუსეთი მას “პოლიტიკურს” უწოდებს. 

რუსეთის ფეხბურთის კავშირი (RFS) ამტკიცებს, რომ ეს “ეწინააღმდეგება UEFA-ს ძირითად პრინციპებს”.

კრემლის გაღიზიანების მიზეზი გახდა მაისურზე გამოსახული უკრაინის რუკა, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონებსაც მოიცავს.

UEFA-მ BBC-ის განუცხადა, რომ მაისური “დამტკიცებულია აღჭურვილობის რეგულაციების შესაბამისად”.

მიმდინარე დავას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ საფეხბურთო ფორმა არ გავს სხვებს და “მას აქვს მრავალი მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომელიც უკრაინელ ხალხს აერთიანებს”.

უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ კი აღნიშნა, რომ მას არ აინტერესებს, რას ფიქრობს რუსეთი ამ საკითხზე.

Covid-19-ის გამო გადადებული ტურნირი 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით 11 მასპინძელ ქალაქში ჩატარდება, მათ შორის სანკტ-პეტერბურგში, რომელიც მეოთხედფინალს უმასპინძლებს.