LIVE

ინდოეთი საკვებისა და ვაქცინებისთვის დამატებით $11 მილიარდს გამოყოფს

12 ივნ 202111:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 649
ინდოეთი საკვებისა და ვაქცინებისთვის დამატებით $11 მილიარდს გამოყოფს

ინდოეთი კორონავირუსით დაზარალებული მოსახლეობის საკვებითა და უფასო ვაქცინებით უზრუნველსაყოფად დამატებით 800 მილიარდ რუპიას ($11 მილიარდი) გამოყოფს. აქედან 700 მილიარდი რუპია ქვეყნის ყველაზე ღარიბ და მოწყვლად ჯგუფებს ნოემბრამდე გამოსაკვებად მოხმარდება, ხოლო 100 მილიარდი რუპია ვაქცინებზე დაიხარჯება. 

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ გუშინ აზრი შეიცვალა და უფასო ვაქცინაციის ჩატარებას დათანხმდა. მისი განცხადებით, 21 ივნისიდან 18 წლის ზევით ყველა ინდოელს ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდება. ხანგრძლივ სატელევიზიო მიმართვაში მან იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების პირობაც დადო.  

თანხის გამოსაყოფად მთავრობას შესაძლოა, არ დასჭირდეს ობლიგაციების გამოყენება. მან 991,2 მილიარდი რუპია დივიდენდის სახით ქვეყნის ცენტრალური ბანკისგან მიიღო. მთავრობა თანხას აქტივების რეალიზაციიდანაც ელის.

დამატებითი ხარჯების ჩათვლით, ინდოეთი ჯამში საკვების მომარაგებაზე 1.3 ტრილიონს დახარჯავს. ბიუჯეტში ვაქცინაციისთვის 350 მილიარდი რუპია უკვე გათვალისწინებულია.

ინდოეთში ამ დროისთვის 232 მილიონი დოზაა ადმინისტრირებული და მოსახლეობის 3.4% სრულად ვაქცინირებულია. 

Bloomberg Vaccination Tracker-ის თანახმად, ამ ტემპით ინდოეთს მოსახლეობის 75%-ის აცრისთვის კიდევ 22 თვე დასჭირდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სიდარტა სინი