CD Projekt-ის აქტივისტ ინვესტორს სურს პოლონეთის ყველაზე დიდი თამაშების სტუდიის ხელმძღვანელებს Cyberpunk 2077-ის ხარვეზიანი გამოშვებისთვის, რომელმაც კომპანიის ღირებულების ნახევარზე მეტი გაანადგურა, სტუდია დაატოვებინოს.
გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული Abri Advisors-ი სტუდიის დირექტორის ადამ კიჩინსკისა და მისი მოადგილის მარჩინ ივინსკის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სხვა აქციონერების დახმარებით, სამეთვალყურეო საბჭოს ჩანაცვლების პირობას აყენებს.
თუმცა, CD Projekt-ში ცვლილებების გატარება რთული ამოცანაა. კომპანიის შინაგანაწესი განსაზღვრავს, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გადასაყენებლად საჭიროა აქციონერთა სამი მეხუთედის ხმა.
გარდა ამისა, ამჟამინდელი აღმასრულებლები - გენერალური დირექტორის ძმისა და თანადამფუძნებლის მიხალ კიჩინსკის ჩათვლით - ერთობლივად CD Projekt-ის მინიმუმ 34%-ს ფლობენ და შესაბამისად, დიდ როლს ასრულებენ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევაში. კომპანიის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინვესტორი NN Group NV პოლონეთის საპენსიო ფონდია, რომელიც Bloomberg-ის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს 4,2%-იან წილს ფლობდა CD Projekt-ში.
CD Projekt-მა Cyberpunk-ი ისე წარადგინა, როგორც შემდეგი გლობალური ბლოკბასტერი და ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი როლური თამაში. ფუტურისტულ დისტოპიას რეკლამა კიანუ რივსმა გაუკეთა, ხოლო ელონ მასკმა Twitter-ზე გააკეთა მის შესახებ კომენტარი.
თუმცა, თამაშის სირთულემ, როგორც ჩანს, გადატვირთა სტუდია. მისი გამოშვება სამჯერ გადაიდო, როდესაც თამაში საბოლოოდ დეკემბერში გამოვიდა, სავსე იყო ხარვეზებით. Sony იძულებული გახდა, PlayStation-ის ონლაინ მაღაზიიდან Cyberpunk-ი ამოეღო და მომხმარებელს თანხის უკან დაბრუნება შესთავაზა.
თითქმის ნახევარი წლის, CD Projekt-ის განმეორებადი გამოსწორების მცდელობების, ბოდიშებისა და ჰაკერული ინციდენტის შემდეგ, Sony-ის ჯერ კიდევ არ აღუდგენია თამაში.
Cyberpunk-ის დებიუტის შემდეგ, სტუდიის აქციები 57%-ით დაეცა და 22,6 მილიარდი ზლოტის ($6,2 მილიარდი) ღირებულება გაანადგურა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მასიეჩ მარტევიჩი