Google-ი თანახმაა გადაიხადოს €220 მილიონი ($268 მილიონი) საფრანგეთის ანტიმონოპოლიური გამოძიების მოსაგვარებლად, ონლაინ რეკლამირებაში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო.
საფრანგეთის კონკურენციის ორგანომ განაცხადა, რომ Google-ი უსამართლოდ აგზავნიდა კომპანიებს საკუთარ სარეკლამო სერვერზე და ონლაინ რეკლამირების აუქციონის სახლში, რაც კონკურენტების საზიანოდ ხდებოდა.
ჯარიმის გარდა, Google-მა აიღო სიტუაციის გამოსწორების ვალდებულება, რათა გააუმჯობესოს Google Ad Manager სერვისების ურთიერთთავსებადობა მესამე მხარეებისთვის.
„Google-ის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის მსოფლიოში პირველია, რომელიც გაუმკლავდება ალგორითმული აუქციონის რთულ პროცესებს, რომლებიც გამოიყენება ონლაინ რეკლამირებისთვის“,- აღნიშნა საფრანგეთის კონკურენციის ორგანოს ხელმძღვანელმა, იზაბელ დე სილვამ.
Google-ის, Apple-ისა და Facebook-ის მიმართ ინდივიდუალური მიდგომებით, საფრანგეთის ანტიმონოპოლიური მარეგულირებლები იწყებენ ონლაინ რეკლამირების კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედებების გადამოწმებას. მიუხედავად იმისა, რომ Google-ის საქმე ჯარიმით დასრულდა, გასულ კვირას Facebook-მა სცადა თავიდან აეცილებინა ჯარიმა, რეგულატორების მიმართ ვალდებულებების აღებით.
Google-ზე საქმე აღიძრა საჩივრით, რომელიც 2019 წელს შეიტანეს რუპერტ მერდოკის News Corp-მა, ფრანგულმა გაზეთმა Le Figaro-მ და ბელგიურმა მედია ჯგუფმა Rossel La Voix-მა.
2019 წელს, ინტერნეტ რეკლამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ანტიმონოპოლიური შემოწმების შედეგად, Google-ი დაჯარიმდა €150 მილიონის ოდენობის ჯარიმით. მომავალი კვირების მანძილზე, საძიებო სისტემას ასევე ჯარიმა ემუქრება იმის გამო, რომ ვერ გააბათილა ახალ ამბებთან დაკავშირებული ეჭვები.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გასპარ სებაგი