აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრძანებას გამოსცემს, რითაც აკრძალავს აშშ-ის ინვესტიციებს ჩინურ კომპანიებში, რომლებიც კავშირში არიან ჩინეთის სამხედრო, ან სადაზვერვო სექტორებთან. ამგვარი ამკრძალავი სია მისმა წინამორბედმა, დონალდ ტრამპმა შეიმუშავა, ხოლო ბაიდენის სიაში 59 ჩინურ კომპანია იქნება, მათ შორის Huawei Technologies და ჩინეთის სამ უდიდეს სატელეკომუნიკაციო კომპანია. ახალი ინვესტიციების აკრძალვა ძალაში შევა 2 აგვისტოს. ამ თარიღის შემდეგ ინვესტორებს ერთი წელი ექნებათ ინვესტიციების სრულად გამოსატანად.
ბაიდენის ბრძანება მეტწილად დონალდ ტრამპის მიერ დაწყებული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც სასამართლოში იქნა გასაჩივრებული და რამაც ინვესტორები დააბნია, თუ რა დონეზე ეხებოდა ეს შეზღუდვა დაბლოკილი კომპანიების შვილობილ კომპანიებს. ბაიდენის პოზიციას ტრამპის ბრძანების შესახებ ყურადღებით აკვირდებოდნენ უოლ სტრიტზე და კონგრესში, სადაც დეპუტატებმა ჩინეთის წინააღმდეგ მკაცრი პოზიცია მოითხოვეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ვაჭრობა, ან ადამიანის უფლებები.
ბაიდენის ბრძანებაში ჩამოთვლილი ბევრი კომპანია უკვე იყო ტრამპის ადმინისტრაციის სიაში, მათ შორის ქვეყნის უდიდესი სატელეკომუნიკაციო კომპანიები: China Mobile Communications, Unicom და China Telecommunications.
ბაიდენის სიაში თავდაცვის კომპანიებს შორის არის ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის კორპორაცია, რომელიც ჩინეთის სამხედრო გიგანტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია. ჩამონათვალშია China North Industries Group, China Aerospace Science and Industry Corporation და China Shipbuilding Industry.
ბაიდენის სიაში ასევე შედის Hangzhou Hikvision Digital Technology, სათვალთვალო კამერებისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიის შემქმნელი, რომელიც ჩინეთის ხელისუფლებამ გამოიყენა სინძიანის „უსაფრთხო ქალაქის" ინიციატივების განსახორციელებლად, სადაც ეთნიკურ უიღურებს დევნიან.
ბაიდენმა, ახალ ამკრძალავ სიაში დაამატა კომპანიები Zhonghang Electronic Measuring Instruments და Jiangxi Hongdu Aviation Industry.
ბაიდენის ბრძანებით, ინვესტიციების აკრძალვები ვრცელდება კომპანიების შვილობილ კომპანიებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეყვანილია აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის სიაში.
ტრამპის ბრძანებაში შესწორება მას შემდეგ ხდება, რაც ორმა ჩინურმა კომპანიამ იგი წარმატებით გაასაჩივრა აშშ-ს სასამართლოში. ბაიდენის გუნდმა განაცხადა, რომ გადასინჯვა საჭიროა იმის უზრუნველსაყოფად, რომ იგი იურიდიულად მდგრადი და გრძელვადიანი იყოს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯენიფერ ჯეიკობსი