LIVE

NATO აღმოსავლეთის საფრთხეების წინააღმდეგ ერთიანდება

02 ივნ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 684
NATO აღმოსავლეთის საფრთხეების წინააღმდეგ ერთიანდება
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა უნდა “ითანამშრომლონ აღმოსავლეთის საფრთხეების წინააღმდეგ”, რათა “დაიცვან საკუთარი თავი” კიბერდანაშაულისა და “დაშინებისგან”. ეს განცხადება ჯონსონმა დაუნინგ სტრიტზე, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მან ბელარუსის საჰაერო სივრცეში Raynair-ის თვითმფრინავის გატაცებასა და ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაპატიმრებას “შემზარავი” და “აღმაშფოთებელი” უწოდა. 

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმის აუცილებლობას, რომ ქვეყნებმა განაგრძონ თანამშრომლობა კიბერ-საფრთხეებისგან, დაშინებისგან დასაცავად, “რასაც NATO-ს ზოგიერთი წევრი აღმოსავლეთ საზღვრებზე კვლავ გრძნობს. 

“გადახედეთ იმას, რაც ახლახანს მოხდა ბელორუსის თავზე თვითმფრინავის გატაცების შემზარავი, აღმაშფოთებელი ინციდენტის დროს. ვფიქრობ, NATO-ს წევრებს სურვილი აქვთ, ერთად გააპროტესტონ ინციდენტი და მოითხოვონ რომან პროტასევიჩისა და მისი შეყვარებულის გათავისუფლება ტყვეობიდან. აღმოსავლეთის საფრთხეებთან ერთად დაპირისპირება NATO-ს ხედვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია”,- აღნიშნა მან.

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO-ს 2030 წლის დღის წესრიგში აღმოსავლეთის მხრიდან საფრთხეების ერთობლივი მოგვარება ცენტრალური საკითხია.

მისი თქმით, მოკავშირეები, რომლებიც ბრიუსელში შეიკრიბებიან ორი კვირის შემდეგ, განიხილავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ერთგულება “კოლექტიური თავდაცვის მიმართ”. 

"ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა ალიანსის გაძლიერების აუცილებლობა და ჩვენ სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ”,- განცხადა მან.

სტოლტენბერგმა ბელორუსის ქმედებებს “აბსოლუტურად მიუღებელი” უწოდა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები “აშკარა სიგნალია” იმისა, რომ მსგავსი საქციელი მიუღებელია.

“ახლა ყველაზე მთავარია დავრწმუნდეთ, რომ შეთანხმებული სანქციები სრულად არის შესრულებული. სხვა მოკავშირეები ფიქრობენ, შეძლებენ თუ არა მათ კიდევ უფრო გაძლიერებას. გასაგები უნდა იყოს, რომ როდესაც მინსკის მსგავსი რეჟიმი მოიქცევა ისე, როგორც მოიქცა - დაარღვია ძირითადი საერთაშორისო ნორმები და წესები, ჩვენ მათ შესაბამის ფასს გადავახდევინებთ”,- აღნიშნა სტოლტენბერგმა.