LIVE

გერმანიაში ინფლაცია 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

01 ივნ 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1116
გერმანიაში ინფლაცია 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა

გერმანიის ინფლაციის დონემ 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორონავირუსის შეზღუდვები რესტორნებისთვის, მაღაზიებისა და კულტურული დაწესებულებებისთვის მოხსნა.

ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაში სამომხმარებლო ფასები მაისში 2.4%-ით გაიზარდა, რაც ეკონომისტების შეფასებას, 2.3%-იანი ზრდას აჭარბებს. ევროზონის ანგარიშში ინფლაციის ზრდა 1.9%-მდეა ნაჩვენები.

გერმანიის Bundesbank-მა განაცხადა, რომ წელს ქვეყანაში ინფლაცია 4%-მდე შეიძლება გაიზარდოს, რაც არ დაფიქსირებულა მას შემდეგ, რაც ევრო შემოვიდა ორი ათეული წლის წინ. ფასების ზრდაზე რამდენიმე განსაკუთრებული ფაქტორი მოქმედებს, მაგალითად, გასული წლის გაყიდვების გადასახადის შემცირების გაუქმება და საქონლისა და მომსახურების კალათაში ცვლილებები.

ინფლაცია იზრდება გლობალურადაც, რადგან ლოკდაუნის დასრულება მოთხოვნას საქონელსა და მომსახურებაზე ფართო მატერიალური დეფიციტისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების ფონზე, ზრდის. მაისში, გერმანიაში დასვენების, გართობისა და კულტურის, ასევე ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასები გაიზარდა, გაძვირდა ენერგია და საწვავიც.

მიუხედავად იმისა, რომ ევროზონა ფართო ეკონომიკური გაჯანსაღების სტადიაშია, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) წარმომადგენლებმა  ხაზი გაუსვეს, რომ ფასების ზრდას სიფრთხილით უნდა მოეკიდონ და ფულადი მხარდაჭერის განტვირთვაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია. ინსტიტუტი განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზებს 10 ივნისს წარადგენს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდერ ვებერი