LIVE

მოსაზრება: რა უნდა ისწავლოს მსოფლიომ ინდოეთის Covid გამოცდილებიდან

06 ივნ 202118:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 728
მოსაზრება: რა უნდა ისწავლოს მსოფლიომ ინდოეთის Covid გამოცდილებიდან
Getty Images

ინდოეთის ქალაქებში Covid-19-ის კოშმარული მეორე ტალღა საბოლოოდ კლებულობს. პირველად, ორი თვის განმავლობაში, დელიში დადებითობის მაჩვენებელი 2%-ზე ნაკლებია. პანდემიიდან მიყენებული ზიანი მარტივად არ ნეიტრალდება და ეს გაფრთხილება უნდა იყოს სხვა განვითარებადი ქვეყნებისათვის - მათ ინდოეთის მაგალითზე უნდა ისწავლონ.

პირველი და ყველაზე აშკარა გაკვეთილია, ზედმეტი თავდაჯერებულობის თავიდან აცილება. მცირედმა ცვლილებამ, ვირუსის გავრცელების პოტენციალთან მიმართებაში, შესაძლოა დიდი ზეგავლენა მოახდინოს გავრცელების კუთხით. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის პანდემიის შემაკავებელი სტრატეგიები საერთოდ არაეფექტური იქნება 2021 წელს. ახალი ვარიანტების გაჩენისთანავე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის ორგანოებს შესაძლოა, დასჭირდეთ უფრო მკაცრი და მიზანმიმართული შეზღუდვების დაწესება.

ამისათვის, მათ ასევე დასჭირდებათ უფრო ფართო ტესტირება და მეტი გენომის სეკვენირება, რათა შეძლონ ახალი ვარიანტებისა და მათი გავრცელების არეალის დადგენა, რაც არ იქნება ადვილი. ინდოეთიც კი, საკუთარი განვითარებული სამეცნიერო დაწესებულებით, მსოფლიოში 102-ე ადგილს იკავებს სეკვენირებული დაფიქსირებული შემთხვევების თანაფარდობით. სხვა განვითარებად ქვეყნებს კიდევ უფრო მეტი სირთულე შეხვდებათ.

ამ კუთხით, საჭიროა უფრო მდიდარი ქვეყნების დახმარება. როგორც ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ ნაშრომშია აღნიშნული, ადგილი აქვს მნიშვნელოვან იურიდიულ ბარიერებს, ვირუსის ნიმუშებისა და მონაცემების საერთაშორისო მასშტაბით გაზიარებაში. საჭიროა ამის მოგვარება, რათა სწრაფად მოხდეს ვირუსის ნიმუშების გაცვლა. ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, რომლებმაც დანერგეს გენომის სეკვენირების უზარმაზარი შესაძლებლობები, საკუთარი რესურსები უნდა გამოიყენონ მსოფლიოს სხვა მხარეების ნიმუშების მონიტორინგისთვის.

ასევე, განვითარებადმა ქვეყნებმა ეფექტურად უნდა შეძლონ შეზღუდული ჯანდაცვის შესაძლებლობების გამოყენება. არ უნდა განმეორდეს ტრაგიკული ბრძოლა საავადმყოფოს საწოლებისთვის, ჟანგბადის ბალონებისთვის და მედიკამენტებისთვის, რასაც დელიში ჰქონდა ადგილი. ინდოეთის შტატებმა, რომლებმაც დახარისხების სისტემები შეიმუშავეს, ანუ სიმპტომების მქონე პირებს ეუბნებოდნენ, საავადმყოფოში წასულიყვნენ, თუ სამედიცინო დახმარების ცენტრში, უკეთ მოახერხეს დეფიციტური ჯანდაცვის ტექნოლოგიების გამოყენება. ადგილობრივმა ხელისუფლებებმა უნდა დაგეგმონ მსგავსი სისტემების შემუშავება, მათ შორის ტელეფონისა და ინტერნეტის გამოყენებით.

ექიმებს ახლა დიდი ინფორმაცია აქვთ იმის შესახებ, თუ რომელი თერაპიული მკურნალობაა ყველაზე ეფექტური და რომლის გამოყენება არ ღირს. პაციენტების ოჯახებმა უძილო ღამეები გაატარეს, რათა მოეპოვებინათ აღმდგენი პლაზმა, ან ისეთი წამლები, როგორიცაა რემდესივირი, სანამ ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა საბოლოოდ აღიარებდა, რომ ამგვარი სამკურნალო საშუალებები არაეფექტურია. მაღალი ნაკადის ჟანგბადის თერაპია ჭარბად იყო გამოყენებული, რამაც გამოიწვია არა მხოლოდ სამედიცინო ჟანგბადის დეფიციტი, არამედ ზოგიერთი უკიდურესად უსიამოვნო დამატებითი დაავადებები.

ანალოგიურად, სხვა მთავრობებმა ახლა იციან, რომ როდესაც მრუდი მკვეთრ ზრდას დაიწყებს, ვირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდება, ან დადებითობა საშიშ დონემდე გაიზრდება, სწრაფად უნდა შექმნან ცენტრალიზებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც სწორად გადაანაწილებს საავადმყოფოს რესურსებს და განსაზღვრავს შესაბამის მკურნალობას.

რაც მთავარია, ყველა ქვეყანამ უნდა გაიგოს, რომ ვაქცინები მუშაობს და მათ მიწოდებაში ხელის შეშლა საშიშია. ინდოეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ თუ ერთი ქვეყანაც კი შეაჩერებს ნედლეულის წარმოებას, მთლიანი მიწოდების ჯაჭვი ჩამოიშლება. Bharat Biotech International-ის ადგილობრივი წარმოების კოვაქსინის ვაქცინასაც კი იყენებს 360 ინგრედიენტს 10 ქვეყნიდან, აქედან 200 მათგანი აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან მიეწოდებათ, რომლებმაც მომარაგების ჯაჭვები მოშალეს, საკუთარი საჭიროებების პრიორიტეტად განსასაზღვრად.

იმავდროულად, ინდოელი მწარმოებლების კონცენტრაცია საკუთარი უზარმაზარი საჭიროებების უზრუნველსაყოფად, უპირველეს ყოვლისა ნიშნავდა იმას, რომ განვითარებადი სამყაროს დანარჩენ დაუცველ ქვეყნებს ძალიან დიდხანს მოუწევთ ვაქცინებისთვის ლოდინი. მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში საერთაშორისო თანამშრომლობა ფოკუსირებული უნდა იყოს ვაქცინების მიწოდების ჯაჭვის რეაბილიტაციაზე, ექსპორტის აკრძალვების დასრულებაზე, წარმოების უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნასა და ვაქცინების არსებული მარაგების უფრო სამართლიან განაწილებაზე.

რაც ინდოეთში მოხდა, შეიძლება ყველგან მოხდეს. თუმცა შესაძლებელია ამის თავიდან აცილება, თუ ინდოეთის მთავრობა, განვითარებადი სამყაროს ქვეყნები და მსოფლიოს მდიდარი ქვეყნები სწორ გაკვეთილებს ისწავლიან, ერთად იმუშავებენ და ცოტა მეტ თავმდაბლობას გამოავლენენ ამ საშინელი დაავადების მიმართ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მიჰირ შარმა