LIVE

ზელენსკიმ ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეჩერების ბრძანება გასცა

24 მაი 202120:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1178
ზელენსკიმ ბელარუსთან ავიამიმოსვლის შეჩერების ბრძანება გასცა
Getty Images

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკიმ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბელარუსთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა დაავალა.

"ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა დაავალა მთავრობას, შემუშავებულიყო გადაწყვეტილება უკრაინასა და ბელარუსს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტისა და უკრაინიდან გამავალი და შემომავალი ფრენებისთვის ბელორუსის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ",- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ Ryanair-ის თვითმფრინავი ათენიდან ვილნიუსამდე ასრულებდა რეისს, თუმცა ბელარუსის ცაზე გადაფრენის დროს, როცა ლიეტუვის საზღვარს უახლოვდებოდა, მინსკისკენ მიბრუნდა. ბორტზე 171 ადამიანი იმყოფებოდა.

Ryanair აცხადებს, რომ ეკიპაჟს “ბელარუსმა აცნობა ბორტზე უსაფრთხოების პოტენციური საფრთხის შესახებ და უახლოეს აეროპორტში, მინსკში გამგზავრება დაავალა”. კომპანიის მტკიცებით, მინსკში ჩატარებულმა შემოწმებებმა "არაფერი გამოავლინა", მაგრამ არ ახსენა აქტივისტი და ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა და მინსკში დაფრენის შემდეგ დააკავეს.