LIVE

Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია

24 მაი 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1216
Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები ინდური შტამის წინააღმდეგაც ეფექტურია
healthcarebusinessclub

ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ახალი კვლევის თანახმად, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები წარმატებით უმკლავდებიან ინდოეთში გამოვლენილ Covid-19-ის ვარიანტს.

"ვაქცინის ორი დოზა ძალზე ეფექტური იყო ინდოეთში პირველად აღმოჩენილი B.1.617.2 შტამის წინააღმდეგ. მინიმალური სხვაობები დაფიქსირდა იმასთან, თუ როგორ მუშაობენ აცრები ინგლისში გამოვლენილ ვარიანტზე",- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

„ველით, რომ ვაქცინები კიდევ უფრო ეფექტური იქნება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის თავიდან ასაცილებლად. ამიტომ, აუცილებელია ორივე დოზის მიღება, რათა მაქსიმალურად იყოთ დაცულები ყველა არსებული და განვითარებადი ვარიანტისგან“,- განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, მერი რემზიმ.

ეს შედეგები ხელს შეუწყობს დიდი ბრიტანეთის მთავრობის გეგმას, რომ ლოქდაუნი დასრულდეს 21 ივნისს, მიუხედავად იმისა, რომ ინდური ვარიანტის შემთხვევები სწრაფად იზრდება.

5 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer-ის აცრა 88%-ით ეფექტურია ინდური შტამის მიმართ, მეორე დოზის მიღებიდან ორი კვირის შემდეგ. AstraZeneca ვაქცინის ორმა დოზამ 60%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

განსხვავება შეიძლება იმით აიხსნას, რომ AstraZeneca-ს მეორე დოზის მიღება შედარებით მოგვიანებით მოხდა, ვიდრე Pfizer-ის ვაქცინის. ასევე არსებობს მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას, უფრო მეტი დრო სჭირდება მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანიესკა დე სუზა