რამდენიმე დღის წინ მილიონობით ტონა გაცხელებული გაზი მზის ზედაპირიდან დედამიწის მიმართულებით წამოვიდა.
ამოფრქვევა, რომელსაც კორონალური მასის განდევნა ეწოდება, არ იყო განსაკუთრებული სიძლიერის კოსმოსური ამინდის მასშტაბით, მაგრამ როდესაც ის დედამიწის მაგნიტურ ველს მოხვდა, გამოიწვია ყველაზე ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი წლების განმავლობაში. ამჯერად დიდი ცვლილება არ მომხდარა, ალბათ რამდენიმე ადამიანმა თუ გაიგო ამის შესახებ, მაგრამ ეს იმის ნიშანი იყო, რომ მზემ გაიღვიძა, წლების მანძილზე მიძინებული მდგომარეობიდან.
მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ზედაპირზე ნებისმიერი ადამიანისთვის უხილავი და უვნებელია, მზის ქარიშხლებისგან გამოთავისუფლებულმა გეომაგნიტურმა ტალღებმა შეიძლება დაანგრიოს ელექტროენერგიის ქსელები, ჩაახშოს რადიოკომუნიკაციები, ავიაკომპანიების ეკიპაჟებმა გამოსხივების საშიში დონე მიიღონ და გაანადგუროს სატელიტები. გასულ წელს, მზემ ახალი, 11-წლიანი ციკლი დაიწყო და 2025 წელს პიკს მიაღწევს. ეს პროცესი მრავალი რისკის მომტანია დღევანდელი ტექნოლოგიური სამყაროსთვის.
ეს საფრთხე არ არის თეორიული. 2015 წელს, მზის ქარიშხლებმა გათიშეს გლობალური პოზიციონირების სისტემები აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ეს განსაკუთრებით, საგანგაშოა იმ ფონზე, როდესაც სულ უფრო მეტ პოპულარობას იკრებს თვითმართვადი მანქანები.
ამერიკის გეოფიზიკური კავშირის ჟურნალში 2017 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში პროგნოზირებულია, რომ კოსმოსური ამინდის მკაცრი გაუარესების შედეგად, შესაძლოა აშშ-ის მოსახლეობის 66%-ს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდეს, ხოლო ყოველდღიურმა ეკონომიკურმა ზარალმა $41.5 მილიარდს მიაღწიოს.
ამგვარი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ ჩამოაყალიბა სტრატეგია, რათა დაწყებულიყო მზის ქარიშხლის მზარდი საშიშროების შესახებ ცნობიერების ამაღლება და რისკების შეფასება. გასულ წელს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ProSwift კანონპროექტს, რომლის მიზანია კოსმოსური ამინდის მოვლენების პროგნოზირებისა და გაზომვის გასაუმჯობესებელი ტექნოლოგიების დანერგვა.
მეცნიერებს შორის დებატებია იმის თაობაზე, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, რათა პლანეტის ინფრასტრუქტურის მოწყვლადი ნაწილები დაიცვან მზის ქარიშხლების ზემოქმედებისგან. ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა არამაგნიტური ფოლადის გამოყენება ტრანსფორმატორებში და მეტი დენის დამცავი საშუალების დაყენება ქსელში, შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, კატასტროფისგან საუკეთესო დაცვა შეიძლება მხოლოდ უკეთესი პროგნოზირება იყოს.
მზის ქარიშხლებს 11-წლიანი ციკლი აქვთ, რაც მზის მაგნიტური ველის პოლარობას ცვლის. მზეზე არსებული მაგნიტური ძალები ირევა ამ პროცესის დროს და მათ შეუძლიათ ზედაპირის გარღვევა, რის შედეგადაც ხდება მზის პლაზმის გამოტყორცნა კოსმოსში და ამან, შესაძლოა ქარიშხლები გამოიწვიოს დედამიწაზე.
ყველაზე ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი 1859 წელს Carrington Event-ის შედეგად მოხდა. თუ დღეს ასეთი მასშტაბის ქარიშხალი მოხდება, ეს, სავარაუდოდ, მილიონობით, ან მილიარდობით ადამიანს გამოთიშავს ელექტროენერგიის წყაროდან.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბრაიან სალივანი