არქტიკული საბჭოს სამიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. ეს იყო პირველი პირისპირ მოლაპარაკება მას შემდეგ, რაც იანვარში ჯო ბაიდენმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა.
სახელმწიფო მდივნის თქმით, შტატების სურვილია “სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა მოსკოვთან”.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ბლინკენმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას, “დაიცვას აშშ-ს მოქალაქეები და იმოქმედოს აშშ-ის ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც აზიანებს აშშ-ის და მოკავშირეების ინტერესებს”.
ბლინკენმა შეხვედრაზე ისაუბრა უკრაინაში “რუსეთის სამხედრო ძალების განლაგების შესახებ”, ასევე, ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მდგომარეობაზე და მოითხოვა ორი ამერიკელის, პოლ უელანისა და ტრევორ რიდის პატიმრობიდან გათავისუფლება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სირიის ომში რუსეთის ჩართულობის შესახებ. ენტონი ბლინკენმა “ხაზი გაუსვა სირიელი ხალხის ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობას”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვმა შეხვედრას “კონსტრუქციული” უწოდა და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა საჭიროა გასცდეს “არაჯანსაღ მდგომარეობას, რომელიც წინა წლების ურთიერთობებში შეიქმნა”.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიქ უადამსი