2020 წლის ზაფხულში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უცნაურად აიკვიატა TikTok-ი. ქვეყანაში პანდემიის, რეკორდული უმუშევრობისა და რასობრივი არეულობის ფონზე, ის ყოველდღიურად აქვეყნებდა სიახლეებს ჩინეთის საკუთრებაში არსებულ სოციალური მედიის აპლიკაციაში.
ტრამპმა წამოიწყო მრავალწლიანი სავაჭრო ომი ჩინეთის წინააღმდეგ და კორონავირუსის პანდემიაში ჩინეთი დაადანაშაულა. 2020 წლის აგვისტოში, პეკინისთვის დამატებითი ზეწოლის მიზნით, ტრამპმა გამოსცა რამდენიმე ბრძანება, რომლებიც კრძალავდა TikTok-ს, თუ აპლიკაციის აშშ-ის ბიზნესი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის საკუთრება არ გახდებოდა.
ჟან იმინგი, TikTok-ის დედა კომპანიის ByteDance-ის დამფუძნებელი, თვეების განმავლობაში ღიად აწარმოებდა მოლაპარაკებებს TikTok-ის გაყიდვის შესახებ. თუმცა, გაიმარჯვა ალტერნატიულმა სტრატეგიამ: ByteDance დაელოდა პრეზიდენტ ტრამპის ჩანაცვლებას. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შევიდა, მისმა ადმინისტრაციამ ოფიციალურად შეაჩერა TikTok-ის აკრძალვის და გაყიდვის პროცესი.
იმავდროულად, TikTok-ი გახდა მსოფლიოში ყველაზე ხშირად ჩამოტვირთული აპლიკაცია და ის განაგრძობს ზრდას. TikTok-ი ფართოდ ავრცელებს რეკლამებს და აფართოებს ლაივ-სტრიმინგს, იზიდავს უფრო მეტ მუსიკალურ შემსრულებელს და სოციალური მედიის ინფლუენსერს, რითაც შემდგომ იმკვიდრებს თავს ამერიკულ კულტურაში.
20 მაისს ჟან იმინგმა განაცხადა, რომ გადადგება ByteDance-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციიდან. მის ადგილს დაიკავებს კომპანიის ადამიანური რესურსების უფროსი, რუბო ლიანგი.
"სიმართლე ისაა, რომ მე არ მაქვს იდეალური მენეჯერისთვის საჭირო ზოგიერთი უნარი. ჯერ კიდევ ძალიან ვეყრდნობი იმ იდეებს, რომლებიც მქონდა კომპანიის შექმნამდე და არ მომიხდენია ამ კონცეფციების განახლება“,- განაცხადა ჟანგმა, რომელიც კომპანიაში დარჩება, რათა ფოკუსირება მოახდინოს გრძელვადიან სტრატეგიაზე.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: შელი ბანჯო და შონ ვენი