LIVE

არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი Sinopharm-ით აცრილებს მესამე დოზას სთავაზობენ

19 მაი 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 830
არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი Sinopharm-ით აცრილებს მესამე დოზას სთავაზობენ
Bloomberg

ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი გეგმავენ, რომ Sinopharm-ის Covid-19-ის ორი დოზა ვაქცინით აცრილებს მესამე დოზა შესთავაზონ. 

საამიროების საგანგებო კრიზისისა და კატასტროფების მართვის ორგანოს განცხადებით, Sinopharm-ის დამატებითი გამაძლიერებელი დოზა უკვე ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება შეუძლიათ პირებს, ვინც Sinopharm-ის ვაქცინის ორი დოზით აიცრნენ. ამასთან, პრეპარატის მეორე დოზის მიღებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ ექვსი თვე. 

ბაჰრეინი დამატებითი დოზით ასაცრელად უპირატესობას მიანიჭებს წინა ხაზის მუშაკებს, 50 წელს გადაცილებულ პირებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს.

სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნებში Sinopharm-ის ვაქცინა გასული წლის ბოლოს დაამტკიცეს. ეს ქვეყნები აღმოჩნდნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც მისი მესამე - გამაძლიერებელი დოზის გამოყენება დაიწყეს. 

ჩინეთის Sinopharm Group-ის მიერ შექმნილმა ვაქცინამ “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” (WHO) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მაისის დასაწყისში მიიღო. მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში არსებობს კითხვები მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. WHO-ს ექსპერტების შეფასებით, ყველა ასაკობრივ ჯგუფში Sinopharm-ის ვაქცინის ეფექტიანობა სიმპტომური ინფექციებისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის 79%-ით განისაზღვრა.

გამაძლიერებელი დოზების შექმნაზე დღეს ვაქცინის არაერთი მწარმოებელი მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია, დადგება თუ არა მათი გამოყენების საჭიროება, თუმცა კომპანიები ვირუსის მუტაციის ფონზე, გამაძლიერებელი დოზების ხელმისაწვდომობისთვის ემზადებიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ადვეით ნაირი