LIVE

ბაიდენი აშშ-ს ავტორიზებულ ვაქცინებს სხვა ქვეყნებს პირველად უზიარებს

17 მაი 202121:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1204
ბაიდენი აშშ-ს ავტორიზებულ ვაქცინებს სხვა ქვეყნებს პირველად უზიარებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, რომ აშშ-ს მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული კორონავირუსის ვაქცინების 20 მილიონი დოზა სხვა ქვეყნებს ივნისის ბოლოს გაუზიაროს.  

ბაიდენის გეგმის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-ს წყარომ მიაწოდა. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ აშშ AstraZeneca-ს 60 მილიონი დოზა ვაქცინის სხვა ქვეყნებისთვის გაგზავნას გეგმავდა. ახლა მას დაემატება 20 მილიონი დოზა, რომელიც Pfizer-ის, Moderna-სა და Johnson & Johnson-ის მიერაა წარმოებული. 

ასევე, Bloomberg-ის ინფორმაციით, ვაქცინების საზღვარგარეთ განაწილების პროცესს თეთრი სახლის კორონავირუსის საკითხების კოორდინატორი, ჯეფ ზიენტი უხელმძღვანელებს. ამ მიმართულებით ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან და სხვა სააგენტოებთან ითანამშრომლებს. 

ვაქცინების გაზიარება პირველი ნაბიჯია, რომელიც ხაზს უსვამს აშშ-ს ჩართულობას გლობალურად პანდემიის შემცირების მიმართულებით. ბაიდენმა ცოტა ხნის წინ პირობა დადო, რომ აშშ ვაქცინების მიწოდების "არსენალი" მალე გახდებოდა.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ ვაქცინებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან. 

აშშ-ში Pfizer-ის, Moderna-სა და Johnson & Johnson-ის კორონავირუსის ვაქცინები გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზებულია. რაც შეეხება AstraZeneca-ს, მას FDA-სგან ავტორიზაცია ჯერჯერობით არ მიუღია. 

მექსიკამ და კანადამ აშშ-სგან AstraZeneca-ს ვაქცინის მარაგი უკვე მიიღეს. ამასთან, Pfizer-მა უკვე დაიწყო აშშ-ში წარმოებული ვაქცინის დოზების გადაზიდვა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, მექსიკაში, კანადასა და ურუგვაიში. ეს პროცესი ბაიდენის ვაქცინების გაზიარების გეგმისგან დამოუკიდებლად ხდება. 

აშშ ვაქცინაციის წარმატებული კამპანიით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. მისი მოსახლეობის 37%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი