LIVE

პუტინმა ვაქცინა გაიკეთა, მაგრამ მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ მასთან შეხვედრა

16 მაი 202111:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 857
პუტინმა ვაქცინა გაიკეთა, მაგრამ მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ მასთან შეხვედრა
Sergei Ilyin/AFP/Getty Images

ამ კვირაში, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში შეხვდა რუსეთის პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს და უნივერსიტეტის სტუდენტებსაც კი.  მიუხედავად იმისა, რომ ის კრემლთან უშუალო სიახლოეში იყო, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან მხოლოდ ვიდეო ზარი მიიღო.

14 მაისს, რუსეთის ლიდერმა გამოაცხადა, რომ მან ვაქცინის მეორე დოზა მიიღო, მაგრამ მასთან პირადი შეხვედრები რჩეულთათვის პრივილეგიად რჩება და ძნელია იმის პროგნოზირება, თუ ვინ ახდენს ვიზიტორების შერჩევას.

მას ხვდებიან ახლო მოკავშირეები, როგორიცაა ბელარუსის, სომხეთისა და ტაჯიკეთის ლიდერები, მაგრამ ჰოკეის ფედერაციის ხელმძღვანელი ასევე შეხვდა პუტინს სოჭში. 10 მაისს, პრეზიდენტმა ყინულის ჰოკეი ითამაშა მაღალჩინოსნებთან და ყოფილ ჰოკეისტებთან ერთად.

კრემლის თქმით, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად წყდება ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე. სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა არ დააკონკრეტა, თუ რამ გააჩინა ეჭვი გუტერეშის მიმართ, იმის გათვალისწინებით, რომ გაერო-ს ხელმძღვანელმა პირისპირი მოლაპარაკებები გამართა სხვა ბევრ მაღალჩინოსანთან. მისი თქმით, სახელმწიფოს მეთაურის სტანდარტი უფრო მაღალია.

„ყველას შეუძლია იყოს კორონავირუსის გადამტანი. თუ ადამიანი აქტიურად მოძრაობს მთელს მსოფლიოში, დაფრინავს და ბევრ შეხვედრას მართავს, რა თქმა უნდა, ქვეყნის მეთაურის შემთხვევაში, ეს დამატებითი სიფრთხილის მიზეზია”, - განუცხადა პესკოვმა.

გუტერეშმა, რომელიც რუსეთში წინა ვიზიტებზე პუტინს პირისპირ სულ მცირე სამჯერ შეხვდა, კრემლის გადაწყვეტილებით იმედგაცრუება არ გამოთქვა.

პუტინს არაერთხელ აღუნიშნავს რუსეთის Sputnik V ვაქცინის ეფექტურობის შესახებ მსოფლიოს სხვა ლიდერებისთვის, თუმცა მან არ დააკონკრეტა, თუ რუსეთში წარმოებული რომელი ვაქცინით აიცრა. სამაგიეროდ, მან განაცხადა, რომ ექიმებმა მისი დამცავი ანტისხეულების დონეზე "კარგი შედეგი" დააფიქსირეს.

ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა, ვინც პუტინს შეხვდა, თქვა, რომ შეხვედრამდე კარანტინში უნდა გაეტარებინათ დღეები. იგივეა ჟურნალისტების შემთხვევაში, რომლებიც პრეზიდენტის სიახლოვეს იმყოფებიან საზოგადოებრივ ღონისძიებებზე. პუტინი მთავრობის მინისტრებს ძირითადად ვიდეოკონფერენციის საშუალებით ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი უკვე ვაქცინირებულია.

გუტერეშის სტუმრობამდე რამდენიმე დღით ადრე პუტინი, რომელსაც ნიღაბი არ ეკეთა, ტაჯიკეთის პრეზიდენტ, ემოლი რაჰმონის გვერდით დადიოდა წითელ მოედანზე, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ ყოველწლიურ სამხედრო აღლუმზე.

უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს სხვა ლიდერებიც ფრთხილად უდგებიან შეხვედრებს, თუნდაც Covid-19-დან გამოჯანმრთელების, ან ვაქცინაციის შემდეგ. ივნისში, დიდი შვიდეულის ლიდერები, პირველად შეიკრიბებიან პირისპირი ფორმატით, პანდემიის დაწყების შემდეგ.

პუტინის შეხვედრების შესახებ გადაწყვეტილებებს ყოველ ჯერზე იღებენ სამედიცინო სპეციალისტები და აშშ-ის პრეზიდენტ, ჯო ბაიდენთან შეხვედრის ფორმატიც კი, რომელიც შეიძლება შემდეგ თვეში ჩატარდეს, „იქნება ეპიდემიოლოგების განხილვის საგანი", - განაცხადა პესკოვმა.

 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ილია არხიპოვი და ევგენია პისმენნაია