სამხრეთ კორეამ გაასაჯაროვა ამბიციური გეგმები, რომ მომდევნო ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით $450 მილიარდს დახარჯავს მსოფლიოში ჩიპების ყველაზე დიდი საწარმოო ბაზის შესაქმნელად. ამ გზით, ის პირდაპირ კონკურენციაში შედის ჩინეთთან და აშშ-სთან, საკვანძო ტექნოლოგიაში გლობალურად დომინირების კუთხით.
Samsung Electronics-სა და Hynix-ს პროცესორების კვლევებსა და წარმოებაში, წამყვანი როლი ექნებათ. ისინი იმ 153 კომპანიას შორის იქნებიან, რომლებიც ათწლეულის განმავლობაში ხელს შეუწყობენ ქვეყანას ეკონომიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიის დაცვას.
2030 წლამდე, Samsung-ი ხარჯებს 30%-ით გაზრდის, რაც $151 მილიარდის ინვესტიციას წარმოადგენს, ხოლო Hynix-ი $97 მილიარდს გამოყოფს არსებული ობიექტების გასაფართოებლად, იმის გარდა, რომ ოთხ ახალ ქარხანას ააშენებს $106 მილიარდად.
”ძირითადი გლობალური კონკურენტები მასიური ინვესტიციებით ცდილობენ, პირველმა დაიკავონ მომავალი ბაზარი”, - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.
ეს ინიციატივა იმ დროს ხდება, როდესაც აშშ, ჩინეთი და ევროკავშირი ცდილობენ პროცესორების წარმოების გაძლიერებას. გლობალური ჩიპების დეფიციტმა დამოკიდებულება გამოავლინა მხოლოდ რამდენიმე აზიურ მწარმოებელზე და შეაფერხა პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის რეაბილიტაცია. ახლა ეს დეფიციტი ეხება როგორც ავტომობილებს, ისე სმარტფონებს და ეკრანებს, რაც კიდევ უფრო პრიორიტეტულს ხდის პროცესორების საკითხს მთავრობების დღის წესრიგში ვაშინგტონში, ბრიუსელსა და პეკინში.
საქმე ეხება ტექნოლოგიას, რომელიც ფუძემდებელია თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესისთვის. სამხრეთ კორეა, აშშ-ის უსაფრთხოების მოკავშირე და ჩინეთში მთავარი ექსპორტიორი, დელიკატური ბალანსირების პოლიტიკას აწარმოებდა, თანაც მუდმივად აძლიერებდა საკუთარი წარმოების შესაძლებლობებს. ნახევარგამტარები სამხრეთ კორეის ექსპორტის უდიდესი სეგმენტია და 2030 წლისთვის, პროგნოზირებენ ჩიპების ექსპორტის გაორმაგებას $200 მილიარდ დოლარამდე.
კორეის მთავრობა ცდილობს შექმნას „ნახევარგამტარების სარტყელი", რომელიც ათეული კილომეტრით გადაიჭიმება სეულის სამხრეთით და გააერთიანებს ჩიპების დიზაინერებს, მწარმოებლებსა და მომწოდებლებს.
Samsung-ი და Hynix-ი მსოფლიოში ჩიპების უმეტესობას ქმნიან. ერთი სფერო, რომელშიც სამხრეთ კორეა მოიკოჭლებს, არის მოწინავე ლოგიკური ჩიპების წარმოების შესაძლებლობა, რომლებიც კომპლექსურ გამოთვლებს ახორციელებს ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა დამუშავება.
ამ მიმართულებით დომინირებს ტაივანის ჩიპების წარმოება, რომლებიც ამზადებენ Apple-ის iPhone პროცესორებს. Samsung-ი ამ სფეროში, მიზნად ისახავს უფრო აგრესიულად კონკურენციას, უზრუნველყოს Nvidia-ს გრაფიკული ბარათების ზოგიერთი ბიზნესი და Qualcomm-ის მობილური ჩიპების უფრო მეტი წილი. Hynix-მა ასევე გააჟღერა საკუთარი ამბიციების შესახებ ლოგიკური ჩიპების სფეროში.
კორეის მთავრობა ხელს შეუწყობს ინდუსტრიას საგადასახადო შეღავათებით, დაბალი საპროცენტო განაკვეთით, გამარტივებული რეგულაციებით და გაძლიერებული ინფრასტრუქტურით. შემდეგი 10 წლის განმავლობაში მთავრობა ასევე უზრუნველყოფს სათანადო წყალმომარაგებას ჩიპების მწარმოებელ რეგიონში და გააძლიერებს ელექტროენერგიის მიწოდებას, რაც აუცილებელია ჩიპების წარმოების მოწინავე ქარხნებისთვის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სოჰი კიმი და სემ კიმი