რუსეთში Covid-19-ის ინდოეთში აღმოჩენილი შტამის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, ამის შესახებ გაზეთი Коммерсантъ ულიანოვსკის ოლქის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
ვირუსი ულიანოვსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის 16 ინდოელ სტუდენტს აღმოაჩნდა. 17-დან 30 აპრილამდე ულიანოვსკში ინდოეთიდან 130 სტუდენტი ჩავიდა. საზღვარზე მათი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, მაგრამ ოლქში ჩასვლისას კორონავირუსი 60 სტუდენტს დაუდასტურდა. მათგან 16 B.1.617 ვარიანტის მატარებელი აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სტუდენტები თვითიზოლაციაში, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, იმყოფებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ ვირუსი საავადმყოფოსა და საკარანტინო დაწესებულების გარეთ არ გავრცელდეს.
ინდური შტამი ნომრით B.1.617 WHO-მ კორონავირუსის მეოთხე საყურადღებო ვარიანტად დაასახელა. B.1.617 ვარიანტების ხაზი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ შტამებად ითვლება.