აშშ-ში მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო. პირველი თინეიჯერები ცოტა ხნის წინ პირდაპირ ეთერში აიცრნენ.
აშშ-ის 12-15 წლის მოზარდების Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრა ჯანდაცვის ორგანოების მიერ მხარდაჭერილია. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტმა ვაქცინის გადაუდებელი საჭიროებისთვის გამოყენებას 14 ხმით, 0-ის წინააღმდეგ მხარი გუშინ დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი მხოლოდ ერთმა წევრმა შეიკავა.
კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, CDC-ი Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მოზარდებში გამოყენების რეკომენდაციას აძლევს.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელ ოჯახებს მოზარდების აცრისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ბავშვების აცრა 15 000-ზე მეტ აფთიაქში, პედიატრებისა და ოჯახის ექიმების კაბინეტებში იქნება ხელმისაწვდომი. პრეზიდენტის თქმით, ვაქცინა უსაფრთხო, ეფექტიანი და უფასოა.
CDC-ის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 10 მაისს აშშ-ის "სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის" მიერ (FDA) Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 12-15 წლის ასაკის მოზარდებისთვის დამტკიცება.
აქამდე Pfizer-ის ორდოზიანი ვაქცინის გამოყენება მხოლოდ 16 წლიდან იყო ნებადართული. აშშ-ში 12-15 წლის მოზარდები მოსახლეობის 5,3%-ს შეადგენენ. მათ აცრაზე ნებართვა მნიშვნელოვნად დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს და უზრუნველყოფს სკოლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას.
Pfizer/BioNTech-ის განცხადებით, ვაქცინა 12-15 წლის მოზარდებში 100%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. მიმდინარე კვლევები ვაქცინების 12 წლამდე ბავშვებში გამოყენებას სწავლობენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანჯელიკა ლავიტო და რაილი გრიფინი