LIVE

14 თვეში პირველად ინგლისში Covid-19-ით არავინ გარდაცვლილა

11 მაი 202114:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1202
14 თვეში პირველად ინგლისში Covid-19-ით არავინ გარდაცვლილა

ინგლისში 14 თვის შემდეგ პირველი დღე, როდესაც Covid-19-ით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, 9 მაისი აღმოჩნდა. ამავე დღეს, გარდაცვალების შემთხვევა ასევე არ ყოფილა შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, ხოლო უელსში კორონავირუსმა ოთხი ადამიანი იმსხვერპლა. 

დიდი ბრიტანეთი ვაქცინაციის ტემპით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. მოსახლეობის 26%-ზე მეტი ვაქცინის ორივე დოზით აცრილია.

ვაქცინაციის სწრაფი ტემპი ინგლისს ეკონომიკის გახსნის საშუალებას აძლევს. ქვეყანაში მომდევნო კვირიდან რეგულაციები მსუბუქდება. მოსახლეობას საშუალება ეძლევა ისარგებლოს დახურული ბარებით, რესტორნებითა და კინოთეატრებით.

“ინგლისის ბანკი” ვარაუდობს, რომ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა ზარალს წლის ბოლომდე აინაზღაურებს, რადგან გახსნილი ეკონომიკის პირობებში, მოსახლეობა პანდემიის დროს გაკეთებული დანაზოგის ხარჯვას დაიწყებს.

პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე, კორონავირუსმა ქვეყანაში 112 000 ადამიანი იმსხვერპლა. ინფექციის გავრცელებას ხელი შეუწყო ბრიტანულმა შტამმა, რომელიც თავდაპირველად გავრცელებულ ვარიანტთან შედარებით, უფრო ადვილად ვრცელდება. კოვიდით გარდაცვლილთა მაჩვენებლით, დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

ინგლისსა და გაერთიანებული სამეფოს სხვა ქვეყნებში კორონავირუსით გარდაცვლილად ითვლება პირი, რომელიც ინფექციის დადასტურებიდან 28 დღის განმავლობაში იღუპება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნილ კალანანი