ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ზოგიერთ კოვიდინფიცირებულს საშიში სოკოვანი ინფექცია - მუკორმიკოზი აღმოაჩნდა. ინფექციას შავ სოკოსაც უწოდებენ. ის ობის სოკოების სპორების ჩასუნთქვის შედეგად ჩნდება. ინფექციას შეუძლია დააზიანოს სინუსი ან ფილტვები. სახის ორგანოების დასახიჩრების გარდა, მან შესაძლოა, ადამიანის გარდაცვალება გამოიწვიოს.
ინფექციის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეები არიან პაციენტები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში იღებდნენ მედიკამენტებს ან ხანგრძლივად მკურნალობდნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. შესაძლოა, ინფექცია ადამიანებში სწორედ სასუნთქი მილების მეშვეობით ხვდებოდეს. შესაძლოა, ის მკურნალობის დროს, სტეროიდების ჭარბი გამოყენებით იყოს გამოწვეული.
სოკოვანი ინფექციისთვის დამახასიათებელია ტკივილი და სიწითლე თვალებისა და ცხვირის არეში, სუნთქვის გაძნელება, სისხლიანი ღებინება და გავლენა ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ექიმები პაციენტებს სისხლში გლუკოზის დონის შემოწმებას და ჟანგბადის თერაპიისთვის სუფთა, სტერილური წყლის გამოყენებას ურჩევენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბუმა შრივასტავა