LIVE

ევროკავშირი AstraZeneca-სთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს

10 მაი 202112:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 6987
ევროკავშირი AstraZeneca-სთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს
Mikael Sjoberg/Bloomberg

ევროკავშირი შვედურ-ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიასთან ვაქცინების შესყიდვაზე კონტრაქტს არ გააგრძელებს. შეთანხმებას ვადა ივნისში ეწურება.

ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარი, ტიერი ბრეტონი ბლოკის და კომპანიის სამომავლო თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ბლოკმა Pfizer-BioNTech-თან შეთანხმება გააფორმა, AstraZeneca-სგან ვაქცინების შეძენა არ იგეგმება. 

ბლოკის გადაწყვეტილებას მიესალმა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. მისი თქმით, უპირატესობის მინიჭება ისეთი ვაქცინისთვის, რომელიც ახალი შტამების წინააღმდეგ უფრო ეფექტიანია, “პრაგმატულია”.

"საფრანგეთსა და ევროპაში ამ ვაქცინას (AstraZeneca) ვიყენებთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამის გაკეთება, რადგან ეს კრიზისიდან გამოსვლაში დაგვეხმარება. მაგრამ რაც შეეხება სამომავლო შეკვეთებს, ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული შტამებისთვის ახლა სხვა ვაქცინები უფრო ეფექტიანია, ამიტომ ეს არის ევროპული პრაგმატიზმი, რომელსაც მივესალმები",- თქვა მაკრონმა. 

ევროკავშირმა გასულ კვირას Pfizer-BioNTech-თან ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ბლოკი 2021-2023 წლებში 1,8 მილიარდ დოზა ვაქცინას მიიღებს.

გასულ თვეში კომისიამ, ვაქცინების დაგვიანებისა და მიწოდების საიმედო გეგმის არქონის გამო, AstraZeneca-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო. ვაქცინასა და თრომბოზის ძალზე იშვიათი შემთხვევების გამო, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა ვაქცინის გამოყენება გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში შეზღუდა. "ევროპის წამლის სააგენტო" და "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას მხარს უჭერს.