ტანზანიის ახალი პრეზიდენტი სამია სულუჰუ ჰასანი, მისი მოადგილე და პრემიერ-მინისტრი საჯარო სივრცეში პირბადით პირველად გამოჩნდნენ. ისინი გამოჩენილ ასაკოვან ადამიანებთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. პრეზიდენტის განცხადებით, ამ გზით მათ მოხუცებზე ზრუნვა გამოხატეს.
“ჩვენი ცხოვრების წესი შეიცვალა. მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფში შედიან, ამიტომ დღეს გადავწყვიტეთ პირბადეები გვეტარებინა, რათა თქვენ შესაძლო ინფექციისგან დაგიცვათ”, - თქვა ჰასანმა.
ტანზანიამ შეცვალა პანდემიის შესახებ დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც ქვეყნის სათავეში სამია სულუჰუ ჰასანი მოვიდა. მისი მრჩეველთა გუნდი მუშაობენ რეკომენდაციებზე, რითაც ქვეყანა კორონავირუსს დაუპირისპირდება.
მან თანამდებობაზე ჯონ მაგუფული შეცვალა, რომელიც ოფიციალური მიზეზით, გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა კენიური მედიის ცნობით, ის ნაირობიში კორონავირუსის სიმპტომებით მკურნალობდა. მაგუფული ამტკიცებდა, რომ ტანზანიამ კორონავირუსი დაამარცხა. ის პირბადეებისა და ვაქცინების გამოყენებას მხარს არ უჭერდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფუმბუკა ნ'განაკილალა