რუსეთის "აგრესიულ" და "დესტაბილიზაციურ" ქმედებებთან გასამკლავებლად, აშშ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარებას გააძლიერებს. ეს განცხადება სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში ვიზიტის დროს გააკეთა.
"ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და დახმარება. აღფრთოვანებული ვარ უკრაინის თავშეკავებით რუსეთის პროვოკაციული ქმედებების ფონზე",- განაცხადა ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
ზელენსკიმ შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"მადლიერი ვარ შეერთებული შტატების ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით",- აღნიშნა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, კიევში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
“მე აქ ვარ ძალიან მარტივი მიზეზის გამო: პრეზიდენტ ბაიდენის სახელით, მტკიცედ დავადასტურო ერთგულება ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შესახებ”,- განაცხადა ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრამდე.
კულებამ შეერთებულ შტატებს “უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში უკრაინის ნომერ პირველი მოკავშირე” უწოდა.
ბლინკენის ვიზიტი უკრაინაში მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. სწორედ კიევია ის ერთადერთი ადგილი, სადაც სახელმწიფო მდივანი G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაჩერდა.
აღსანიშნავია, რომ ებტონი ბლინკენს ვიზიტის დროს თან ახლდა მისი ახალი მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი, რომელმაც რუსეთის აღშფოთება გამოიწვია იმის გამო, რომ 2014 წელს, მაიდნის მოვლენების, დროს დემონსტრაციების მონაწილეებს ფუნთუშები დაურიგა და მხარდაჭერა ამ ფორმით დააფიქსირა. ეს ფაქტი დმიტრო კულებამ შეხვედრის დროსაც გაიხსენა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკ უადამსი